მედეა მეტრეველი - ხელოვნების „მოთვინიერებასთან“ ყველა ხელისუფალი მარცხდება

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის მედეა მეტრეველის განცხადებით, კულტურის სფეროში არსებული პრობლემების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება რეალობას აცდენილია.

როგორც მეტრეველი აღნიშნავს, კულტურის სამინისტროს გაუაზრებელი და მოუმზადებელი გამოყოფა, როგორც, თავის დროზე, განათლების სამინისტროსთან შეერთება, „შინაარსისგან დაცლილ ტექნიკური ხასიათის უაზრო რეფორმად დარჩება“.

„ხელოვნების „მოთვინიერებასთან“ ყველა ხელისუფალი მარცხდება და ეს გამოცდილება ქართულ საზოგადოებას უხვად დაგვიგროვდა. როგორი უნდა იყოს კულტურის მინისტრი? პირველ რიგში თავისუფლების იდეის გულშემატკივარი, რადგანაც სწორედ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების მაღალი ხარისხი ჟანგბადივით სჭირდება შემოქმედებით პროცესს, ხელოვანებს, თანამედროვე ქართულ კულტურას რომლებიც ამას ნამდვილად იმსახურებს. გამოწვევა და პასუხისმგებლობა დიდია და ამის გააზრება სჭირდება საქართველოს მთავრობას.

2018 წელს განხორციელებული გაუაზრებელი და მავნებლური რეფორმა, რომელმაც კულტურის სფერო სამი წლით „გააქრო“ მთავრობის დღის წესრიგიდან, დღეს უკვე ოფიციალურად შეცდომად აღიარა ხელისუფლებამ - კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო ცალკე უწყებად ყალიბდება.

კულტურის სამინისტროს გაუაზრებელი და მოუმზადებელი გამოყოფა, ისევე როგორც, თავის დროზე, განათლების სამინისტროსთან შეერთება, შინაარსისგან დაცლილ ტექნიკური ხასიათის უაზრო რეფორმად დარჩება.

ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისის ფონზე, დღემდე უცნობია, თუ რა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს აღნიშნული რეფორმის განხორციელება და როგორ მოხდება თანხების მიზნობრიობის განსაზღვრა ადმინისტრაციული ხარჯებისა და პროგრამული დაფინანსების ჭრილში. როგორია ხელისუფლების ხედვა პანდემიით დაზარალებული სახელოვნებო სფეროების და ხელოვანების მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, კულტურაში არსებული პრობლემების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება აცდენილია რეალობას.

შესაბამისად, ახალი სამინისტროს დაფუძნების და რესტრუქტურიზაცის პროცესის შედეგები სრულად არის დამოკიდებული პროცესების საჯაროობის სტანდარტებზე და სახელოვნებო დარგების წარმომადგენლების, საბიუჯეტო კულტურული ორგანიზაციების და კულტურის სფეროს ექსპერტების ჩართულობის ხარისხზე და რაც მთავარია სფეროს ნდობაზე ახალი უწყების მიმართ“, - აცხადებს მედეა მეტრეველი, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს