სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია უცხოელი პარტნიორების დახმარებაზე, როცა ხელისუფლებას დიპლომატიური ენა არ ესმის, წნეხი იზრდება - ეს გველოდება წინ და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ

დღეს თუ ქვეყანაში ვითარება დამძიმდება და გიორგი რურუას საკითხს სხვა ადამიანების მიმართ პოლიტიკური დევნა

დაემატება, საერთაშორისო პარტნიორების რეაქცია სრულიად ადეკვატური იქნება, განსაკუთრებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, დღეს ქვეყანაში აბსურდული ვითარებაა, რადგან ხელისუფლება ერთი მხრივ, აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმის განხორციელებას იწყებს, მეორე მხრივ, კი, ფაქტობრივად, პოლიტიკური რეპრესიების მორიგ ტალღას აანონსებს და აახლებს სამართლებრივ დევნას, მათ შორის, ნიკა მელიასთან მიმართებით.

„არანაირი პროგრესი არ გვაქვს პოლიტიკური პატიმრების თემაზე. ვნახეთ, რომ ისევ ემუქრებიან და გაურკვეველია იმ პოლიტპატიმრების ბედი, რომლებიც დღეს გირაოთი არიან გამოსულები. არანაირი პროგრესი არ არის გიორგი რურუას საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, დღემდე გამოძიებული არ არის არცერთი კანონდარღვევა, არცერთი საჩივარი, რომელიც არჩევნებთან მიმართებით იყო. ამიტომ, ასეთ გარემოში საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება აქვს, რომ ქვეყანაში რამე შეიცვალოს, სხვანაირ პოლიტიკურ გარემოში ჩატარდეს მომავალი არჩევნები, ეს, ჩემი აზრით, უბრალოდ თვალში ნაცრის შეყრაა ყველასთვის, მათ შორის, ჩვენი პარტნიორებისთვის“,-განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებას არ სურს გადადგას ნაბიჯები, რომელიც პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს.

სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიცია საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით გეგმავს უახლოეს მომავალში „ქართულ ოცნებას“ სერიოზული დისკომფორტი შეუქმნას, თუ ის მოლაპარაკებების პროცესის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გადახედვას არ აპირებს.

„ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი, რომელშიც ქვეყანა არის შესული, ერთადერთია-ეს არის ფართო შეთანხმება, პოლიტიკური ნიშნით მართლმსაჯულების აღსრულებაზე უარის თქმით ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ, ჩვენ ამ თემაზე უკან ვერ და არ დავიხევთ, ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს. ამიტომ, ჩვენ მოლაპარაკებების პროცესშიც, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ვაპირებთ, რომ „ქართული ოცნება“ უახლოეს მომავალში უკიდურეს დისკომფორტში ვამყოფოთ პოლიტიკური ნიშნით ქვეყანაში მიმდინარე მართლმსაჯულების განხორციელების გამო. მათ ამის გამო შესაბამისად მოეთხოვებათ პასუხი.

რაც შეეხება გიორგი რურუას თემას, როგორც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ასევე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი რურუა პოლიპატიმრად ჰყავს გამოცხადებული, არაერთხელ გაკეთდა განცხადება მისი გათავისუფლების შესახებ. დღეს თუ ქვეყანაში ვითარება დამძიმდება და გიორგი რურუას საკითხს სხვა ადამიანების მიმართ პოლიტიკური დევნა დაემატება, საერთაშორისო პარტნიორების რეაქცია სრულიად ადეკვატური იქნება, განსაკუთრებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, რომელმაც საკუთარ პრიორიტეტად მთელ მსოფლიოში დემოკრატიის ხელშეწყობა გამოაცხადა. ასე რომ, „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმე რეალობა ელოდება წინ, თუ ისინი არ აპირებენ გადახედონ საკუთარ დამოკიდებულებას ამ მოლაპარაკებების პროცესის მიმართ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ალეკო ელისაშვილი ვერ უშველის მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა მან.

სამადაშვილის თქმით, მმართველი პარტია მთლიანად უცხოელი პარტნიორების დახმარებაზეა დამოკიდებული და როდესაც ხელისუფლებას დიპლომატიური ენა არ ესმის, წნეხი იზრდება.

"მინდა შეგახსენოთ, რომ „ქართული ოცნება“ მთლიანად თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია უცხოელი პარტნიორების დახმარებაზე, იმისთვის, რომ ელემენტარულად ხელფასი გადაუხადოს საკუთარ თანამშრომლებს. ასე მუშაობს საერთაშორისო ასპარეზზე ზოგადად ურთიერთობები - ჯერ იწყებენ საუბრით, ჯერ იწყებენ კეთილი სურვილებით, იწყებენ მაქსიმალურად დიპლომატიური ენით, როდესაც ეს ენა არ ესმის ხელისუფლებას, მერე წნეხი რა თქმა უნდა იზრდება და გადაიხედება. ეს გველოდება ჩვენ წინ და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ, რა თქმა უნდა, და ამისთვის გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ბერკეტებს“ , - განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო