ლანა გალდავა „ოცნებას“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის გაძლიერების მიმართულებით

საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი უსაფრთხოების გარემო არათუ საოკუპაციო ხაზს იქით, არამედ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც არ არის დაცული, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა. გალდავა მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაძლიერების მიმართულებით, დაიცვას მოსახლეობის უსაფრთხოება და არ დაუშვან საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტები მომავალში.

„დღეს, საქართველოს მოქალაქეს რამაზ ბეღელურს ცხინვალის დანაშაულებრივმა რეჟიმმა შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა, გუშინ დააკავეს ასევე საქართველოს მოქალაქე ერიკ დრულევი. რამდენიმე დღის წინ ზაზა გახელაძეს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ შეუფარდა 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ირაკლი ბებუას. პატიმრობაში რჩება გენადი ბესტაევი.

აღნიშნული გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობით, რომელიც არაფერს აკეთებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, დეოკუპაციის, საქართველოს მოქალაქეების უფლებების მასობრივი დარღვევის საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში დასაბრუნებლად. საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი უსაფრთხოების გარემო არათუ საოკუპაციო ხაზს იქით, არამედ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც არ არის დაცული. ოკუპანტები გვივარდებიან სახლში და ძალადობრივი მეთოდებით გვტაცებენ ხალხს, რომლებსაც ან კლავენ, ან უკანონოდ ასამართლებენ.

„ქართულო ოცნებავ”, მოგიწოდებთ: შეწყვიტეთ მავნებლური კაპიტულანტური პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომელსაც მხოლოდ ზიანი მოაქვს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის მიმართულებით და ასევე ახალისებს ოკუპანტს ახალი დანაშაულობების ჩასადენად; სასწრაფოდ ჩამოაყალიბეთ გრძელვადიანი სტრატეგია და შეიმუშავეთ სამოქმედო გეგმა დეოკუპაციის მიმართულებით, რაც მოიცავს ოკუპირებულ რეგიონებთან და საოკუპაციო ხაზებთან დაკავშირებით სამომავლო ხედვას; ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისადმი რეაგირებისათვის მიმართვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის ამოქმედების პარალელურად, მოითხოვეთ საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო და სხვა) ოკუპირებულ რეგიონებში წარმომადგენლობითი ოფისების ამოქმედება; გამოიყენეთ დიპლომატიური, თუ პარტნიორული ყველა გზა, მიმართეთ მეგობარ ქვეყნებს, რომ საერთაშორისო სანქციების სიაში შეიყვანონ საოკუპაციო რეჟიმის დამნაშავე წარმომადგენლები; გაატარეთ კომპლექსური ღონისძიებები კონფლიქტისპირა რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დასაცავად, რაც მოიცავს საოკუპაციო ხაზებთან არსებული დასახლებებში მუდმივ პატრულირებას თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით. დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა წარმომადგენელი ჩვენ უნდა ვიცოდეთ სახეზე, რომ მოვახდინოთ მათი ჩასმა საერთაშორისო სანქციების სიაში.

დაუყოვნებლივ გადადგით ქმედითი ნაბიჯები საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაძლიერების მიმართულებით. გამოიყენეთ ყველა რესურსი მოსახლეობის უსაფრთხოების ზომების დასაცავად და არ დაუშვათ საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტები მომავალში. დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს საზღვრები ოკუპირებულ რეგიონებში გადის ფსოუზე და როკის გვირაბთან“, - განაცხადა ლანა გალდავა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ლელო - საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს