"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეწყვეტილი არ აქვს, არ შეიძლება პროკურატურამ შესაბამისი პროცედურების გარეშე დაიბაროს.
რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს, გიგაური ამბობს, რომ კანონი ამას მოითხოვს.
"იმის გამო, რომ ნიკა მელიას შეწყვეტილი არ აქვს სადეპუტატო მანდატი, საუბარია ჯერჯერობით დეპუტატზე, რომელიც არ შეიძლება პროკურატურამ ისე დაიბაროს, რომ შესაბამისი პროცედურები არ გაიაროს. რაც შეეხება გირაოს, დიახ, კანონი მოითხოვს გირაოს გადახდას", - განაცხადა გიგაურმა.
ეკა გიგაურმა ასევე ისაუბრა საარჩევნო ბარიერის დაწევის თაობაზე მმართველი გუნდის ინიციატივაზე და აღნიშნა, რომ რაც უფრო დაბალია ბარიერი, მით უკეთესია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მცირე პარტიებს განვითარების ნაკლები შესაძლებლობა აქვთ.
"რაც უფრო დაბალია ბარიერი, მით უფრო მეტი საშუალება აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის ახლად შექმნილ პოლიტიკურ პარტიებს, რომ შეაღწიონ კონკრეტულ სათათბირო ორგანოში. ეს კარგია, თუმცა როგორ გაიწერება ეს ყველაფერი, ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა. თუმცა, რაც უფრო დაბალია ბარიერი, მით უკეთესია იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში მცირე პარტიებს განვითარების შესაძლებლობა ნაკლები აქვთ, როდესაც ისინი სუსტები არიან და ჩვენ გვაქვს პოლარიზებული გარემო. ამიტომ თავისთავად კარგია, თუ უფრო დაბალი ბარიერი განიხილება",- განაცხადა გიგაურმა.