ჟოზეფ ბორელი - საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქართულმა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს ინსტიტუციონალურ ჩარჩოებში, რათა იპოვონ საერთო ენა და გზა არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსასვლელად

ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელიც ასახავს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას.

ანგარიშის ძირითადი დასკვნების თანახმად, „საქართველო ერთგული რჩება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმართ, მიუხედავად COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევებისა“.

აქვე აღნიშნულია, რომ საჭიროა შემდგომი ძალისხმევა, განსაკუთრებით სასამართლო რეფორმისა და პოლიტიკური პოლარიზაციის მოსაგვარებლად.

”ჩვენ ვაფასებთ საქართველოს რეფორმების მუდმივ პროგრესს და ერთგულებას ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების, აგრეთვე აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქართულმა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს ინსტიტუციონალურ ჩარჩოებში, რათა იპოვონ საერთო ენა და გზა არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსასვლელად. ეს საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტს მიიღოს მტკიცე ზომები COVID-19–ის კრიზისიდან მდგრადი გამოსვლისა და რეფორმების ფართო დღის წესრიგის მისაღწევად. ჩვენ ასევე წარმატებით ვთანამშრომლობთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ასოცირების განახლებული დღის წესრიგის შეთანხმებაზე ”, - განაცხადა უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელიმ.

„პანდემიის დაწყების დღიდან ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს. ჩვენ შარშან 183 მილიონი ევროს ოდენობის გრანტების მობილიზება შევძელით COVID-19-თან დაკავშირებული დახმარებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას ეკონომიკურ აღდგენასა და რეფორმების დღის წესრიგში, ასოცირების ხელშეკრულების სრულად განსახორციელებლად და სარგებელის მისაღებად. ამ კონტექსტში კავშირის და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება გადამწყვეტი რჩება და მნიშვნელოვანია ინვესტიციების გასაზრდელად“ , - აცხადებს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.

ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველო ერთგული რჩება ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებაში. ეფექტურად გაგრძელდა ევროკავშირის კანონმდებლობასა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა. „ამასთან, გამოწვევები კვლავ რჩება საარჩევნო რეფორმისა და სასამართლო სისტემის რეფორმის სფეროებში“.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარება აჩვენებს შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის აუცილებლობას, მათ შორის, ეუთო/ODIHR–ის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინებას, ინკლუზიური დიალოგის საშუალებით და დროული 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებით. მოკლევადიან პერიოდში, საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რათა შესაძლებელი გახდეს პარლამენტში მნიშვნელოვანი რეფორმების დღის წესრიგზე მუშაობა. ზოგადად, პოლარიზაციის მოგვარება ქართულ პოლიტიკაში და მედიაში კვლავ პრიორიტეტად რჩება.

სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ჩატარდეს გამჭვირვალედ, შემდგომი დანიშვნის დაწყებამდე“, - წერია ანგარიშში.

აქვე ნათქვამია, რომ სტრუქტურული რეფორმები მნიშვნელოვნად რჩება, რადგან ისინი აძლიერებენ საქართველოს საინვესტიციო კლიმატს და სავაჭრო პოტენციალს და მის ეკონომიკას ნაკლებად მოწყვლადს ხდის გარე ფაქტორებისგან.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა