მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ელჩზე - ის ღრმად კორუმპირებულია, მივაღწევ იმას, რომ ასეთი ელჩები არ ჰყავდეს არც უკრაინას და არც საქართველოს, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩის დღევანდელ განცხადებას „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ეხმაურება და მას „ღრმად კორუმპირებულსა“ და „საბჭოთა ფუნქციონერს“ უწოდებს.

სააკაშვილის თქმით, მიაღწევს იმას, რომ მსგავსი ელჩები არ ჰყავდეს არც უკრაინას და არც საქართველოს.

„საქართველოში უკრაინის ელჩი ბატონი დოლგოვი, რომელიც ოთხი წლის წინ პოროშენკომ დანიშნა ერთადერთი მიზნით, ებრძოლა ჩემ წინააღმდეგ, გადარჩა ზელენსკის დროს და განაგრძობს უკრაინის იმიჯის დაზიანებას საქართველოში და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ეს სწორედ ის დოლგოვია, რომელიც პოროშენკოს გუნდთან უნისონში მუშაობდა, რომ უკრაინის სახალხო დეპუტატები არ წასულიყვნენ საქართველოში არჩევნებზე დამკვირვებლებად გასული წლის ოქტომბერში.

მან დღეს მრისხანე რიტორიკით შემომიტია იმისთვის, რომ მე ვიბრძვი ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის. ეს, თურმე, აზიანებს უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს.

უკვე დიდი ხანია, ორი უკრაინელი კაპიტანი დიაჩენკო და ხომიჩი, ასევე უკრაინული წარმოშობის ქართველი მიხაილ ბატურინი, ქართული ხუნტის უკანონო ტყვეობაში არიან, რომლებმაც ისინი დააკავეს ზღვაში ზუსტად ისე, როგორც სომალელმა მეკობრეებმა და ცდილობს, გამოსძალოს რაიმე აღიარება. ბატონ დოლგოვს თითიც არ გაუნძრევია იმისთვის, რომ აღეკვეთა საქართველოს ხელისუფლების უკანონო ქმედება და შეეჩერებინა ისინი, რომელიც იფარგლება კონსულის ფორმალური გაგზავნით პროკურატურაში და ახლა ის ბედავს და აკეთებს ასეთ განცხადებებს.

ამას ვეუბნები როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეს.

მიმაჩნია, რომ ის ღრმად კორუმპირებულია. მიმაჩნია, რომ ის მოქმედებს უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ და მივაღწევ იმას, რომ ასეთი ელჩები არ ჰყავდეს არც უკრაინას, არც საქართველოს და მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან.

ჩემი ღრმა რწმენით, ეს ელჩი - მექრთამე და კორუმპირებულია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო უკრაინის ინტერესების დაცვასთან, როგორც ეს კარგად აჩვენა კონკრეტულმა შემთხვევამ ოდესელ მეზღვაურებთან და რომელიც უკვე დიდი ხანია დაკავშირებულია ქართველი ჩინოვნიკების მრავალ ადგილობრივ კორუმპირებულ ინტერესებთან. სამწუხაროდ, ეს არ ეხება მხოლოდ ამ უკრაინის ელჩს, არამედ მსოფლიოში უკრაინის ელჩების საკმაოდ დიდ რაოდენობასთან, რაც პირდაპირ პროპორციულია უკრაინული დიპლომატიის ეფექტურობის დაცემასთან, უკრაინის პოზიციის დისკრედიტაციასა და შესუსტებას საერთაშორისო საზოგადოებაში.

დოლგოვი მადანაშაულებს იმაში, რომ ქართველ ხალხს მოვუწოდებ პროტესტის გამოხატვისკენ და „უკანონო“ დემონსტრაციებისკენ. და ეს ელჩი წარმოადგენს ქვეყანას, რომელმაც გადაიტანა ორი მაიდანი, რომლებზე უკრაინელმა ხალხმა გამოხატა პროტესტი ფალსიფიცირებული არჩევნების წინააღმდეგ?! ის ჩვეულებრივი საბჭოთა ფუნქციონერია, რომელიც რატომღაც შეიპარა და მოხვდა პოსტმაიდანურ უკრაინელ ჩინოვნიკებში.

ამ სამარცხვინო ელჩის ვიდეოინტერვიუ გაავრცელა საქართველოს ხელისუფლებამ, რომელსაც მართავს "გაზპრომის" უმსხვილესი კერძო აქციონერი ივანიშვილი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა