ირაკლი ჩომახაშვილი - რასაც პროკურატურა ნიკა მელიასთან მიმართებაში აკეთებს, მსგავსი პრაქტიკაში არავის ჰქონია - მას არანაირი ბერკეტი არ აქვს დარჩენილი, გარდა პატიმრობის მოთხოვნისა

ის, რასაც პროკურატურა ნიკა მელიასთან მიმართებაში აკეთებს, სისხლის სამართლებრივი ცეკვაა, ამ სიუჟეტს და სცენარს პირველად დგამენ, მსგავსი პრაქტიკაში არავის ჰქონია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იურისტმა ირაკლი ჩომახაშვილმა განუცხადა.

როგორც სამართლის სფეროს სპეციალისტი განმარტავს, ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი თვითნებურად დაარღვია, როცა ნიკა მელიას 50-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ გირაოს გადასახდელად კიდევ 7-დღიანი ვადა განუსაზღვრა. როგორც ის სააგენტოსთან საუბარში აღნიშნავს, გირაოს გადახდის ვადებს სასამართლო განსაზღვრავს და არა თვითნებურად პროკურატურა.

ჩომახაშვილის თქმითვე, სასამართლო პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა სასაამართლოს გირაოს პირობების დარღვევის დროს ბრალდებულისთვის გირაო გაეზარდა. ადვოკატის განცხადებით, პროკურატურამ აღნიშნულით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები დაარღვია.

ჩომახაშვილი განმარტავს, რომ ნიკა მელიას შემთხვევაში იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც უკვე პროკურატურამ გააკეთა, უწყებას სხვა არანაირი ბერკეტი არ დარჩა გარდა პატიმრობის მოთხოვნისა.

ნიკა მელიას სასამართლომ თავდაპირველად გირაო შეუფარდა. გირაო რომ უზრუნველყოფილიყო, დამატებით აღკვეთ ღონისძიებად ელექტონული მონიტორინგი დაუწესა. რეალურად, ელექტრონული მონიტორინგი ბევრად შემზღუდველია, ვიდრე სხვა დანარჩენი დამატებითი აღკვეთი ღონისძიებები, რადგან მუდმივი კონტროლი მიმდინარეობს. ელექტონული მონიტორინგის დარღვევის შემთხვევაში, ავტომატურად ირღვევა გირაოს პირობები, ანუ, ის რისთვისაც გირაოს უზრუნველყოფა განხორციელდა. კანონის თანხმად, იმ შემთხვევაში, თუ გირაოს პირობები დაირღვევა, ბრალდების მხარე უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს, რომ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვალოს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. გირაოზე უფრო მკაცრი აღკვეთი ღონისძება არის პატიმრობა, სხვა გამოსავალი არ არსებობს, არ არსებობს გირაოს გაზრდის მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა გირაოს პირობა დარღვეულია, შეიძლება გირაოს შემცირება მოხდეს, მაგრამ გირაოს გაზრდა იმ მოტივით, რომ გირაოს პირობები დაარღვია და კიდევ გირაო უნდა გაიზარდოს, ასეთი რამ არ არსებობს. თუ ადამიანი გირაოს არღვევს, უნდა ჩამოართვა ის ფულადი თანხა, რომელიც გადაიხადა. სხვა შემთხვევაში, ამ თანხის გაზრდა დაუშვებელია, ეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს არღვევს.

აქ უკვე კანონი დარღვეულია ბრალდების მხარის მიერ, როცა გირაოს გაზრდა მოითხოვა და არა სასამართლოს მიერ, რადგან სასამართლო ბრალდების მხარის მოთხოვნას ვერ გაცდება. თუმცა, სასამართლოს საერთოდ არ უნდა დაეკმაყოფილებინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, საერთოდ უარი უნდა ეთქვა და ძალაში იგივე გირაო დაეტოვებინა, ვინაიდან ეს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებს ცდება.

გაზრდილ გირაოს იურისტებმა იუმორისტულად „გირაოს გირაო“ დავარქვით. როცა ადამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ეფარდება, სასამართლო განსაზღვრავს კონკრეტულ თარიღს და არა ბრალდების მხარე, ეს შეიძლება 50, 20, 10 დღე იყოს. როცა ეს ვადა გავა, განჩინებას ავტომატურად ძალა ეკარგება და გირაოს პირობა ავტომატურად არის დარღვეული. შეუძლებელია, ბრალდების მხარემ თვითნებურად მისცეს ბრალდებულს საშუალება, რომ ის ერთ კვირაში გადაიხადოს. მაგალითად, ვთქვათ, ნიკა მელიას სურს, თანხის ნაცვლად, გირაო უძრავი ქონებით დატვირთოს, რისთვისაც აუცილებელია, მან სასამართოს ბინაზე ყადაღის დადების მოთხოვნით მიმართოს. სასამართლოს ყადაღის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, ვინაიდან განჩინებაში 50 დღე წერია და ვადა უკვე გადაცილებულია. ბრალდების მხარის ეს ქმედება - გირაოს თანხა ერთი კვირის მერე გადაიხადეო, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას და სასამართლოს ფუნქციას ხელყოფს. ეს არის თვითნებობა და ბრალდების მხარის მიერ კანონის დარღვევა.

პროკურატურას არანაირი ბერკეტი არ დარჩა გარდა პატიმრობის მოთხოვნისა, მაგრამ ამას სისხლისსამართლებრივ-პოლიტიკური ნება სჭირდება. სასამართლო უკვე ვალდებული იქნება პატიმრობა დააკმაყოფილოს. ის, რაც ნიკა მელიასთან პირველ შემთხვევაში მოხდა ანუ გირაო რომ გაუზარდეს, ეს პრაქტიკაში არ მომხდარა არასდროს. გირაოს გაზრდა მხოლოდ მაშინ ხდება, პირველი ინსტანციის სასამართლო რაღაც თანხას რომ შეუფარდებს და ბრალდების მხარე მას არ ეთანხმება და ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. კანონში ნორმატიულად, სავალდებულოდ წერია, როცა გიაროს პირობები დარღვეულია, უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიება უნდა მოითხოვონ.

პროკურატურის ფანტაზია უსაზღვროა და შეუძლიათ გირაოს თანხის გაზრდა კიდევ მოითხოვონ. იქ, სადაც პოლიტიკური ნება არ არის, ყველას კანონის თანახმად მიყვებიან. სასამართლოც სერიოზული გასაკრიტიკებელია, მას ბრალდების მხარის შუამდგომლობა საერთოდ არ უნდა დაეკმაყოფილებინა, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მსგავს რამეს არ იცნობს, იგივე გირაო უნდა დაეტოვებინა. პირველ შემთხვევაში, სასამართლომაც შეცდომა დაუშვა და პროკურატურა ახლა კიდევ უშვებს შეცდომას, როცა ვადაგასული გირაოს აღდგენას თვითნებურად აკეთებს, სასამართლოს გარეშე, იმის ფონზე, როცა სასამართლო ვადას საერთოდ არ აღადგენს, მითუმეტეს, აქ ვერ გადახდაზე კი არა, არ გადახდაზეა საუბარი. სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, როცა ვერ გადაიხდი გირაოს, რა თქმა უნდა, პატიმრობით არ ცვლის და არ აკმაყოფილებს ბრალდების მხარის შუამდგომლობას, რადგან იმის გამო, რომ ადამიანმა კონკრეტული თანხა ვერ გადაიხადა, არ შეიძლება პატიმრობა შეეფარდოს. ნიკა მელიას შემთხვევაში არ გადახდაზე, პოლიტიკურ ბოიკოტზეა საუბარი და ის, რასაც ბრალდების მხარე აკეთებს, სისხლის სამართლებრივი ცეკვაა, პირველად დგამენ ამ სიუჟეტს და სცენარს. მსგავსი პრაქტიკაში არავის ჰქონია“, - აცხადებს ჩომახაშვილი.

ცნობისთვის, 5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გააფრთხილა და განმარტა, რომ თუკი ის გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს 40 000 ლარის გადახადას, ან აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფას ითხოვს. პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს იწურება.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე მას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს