კახა კალაძე - ნინოშვილზე არსებული მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო პირობაა „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების დასაკმაყოფილებლად 18 მილიონ 400 ათასი ლარის გამოყოფა

ნინოშვილზე არსებული მიწის ნაკვეთის პრივატიზება მოხდა რეკრეაციული სტატუსით და მასზე მშენებლობა და კორპუსების დადგმა არ განხორციელდება. საპრივატიზაციო პირობაა „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების დასაკმაყოფილებლად 18 მილიონ 400 ათასი ლარის გამოყოფა შემძენის მხრიდან, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიწის ნაკვეთი „ცენტრ-პოინტს“ წინა ხელისუფლების დროს გადაეცა, ხოლო ახლა მუნიციპალიტეტმა ის კომპანიის მიერ დაზარალებულა დახმარების პირობით გაასხვისა.

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთის პრივატიზაციასთან დაკავშირებით - სწორი ინფორმაცია და არა ისეთი, როგორიც კონკრეტულ მედიასაშუალებებში ვრცელდებოდა, დამახინჯებული, არასწორი ფორმით და იყო მცდელობა საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში. რაც შეეხება ამ ნაკვეთს, ეკუთვნოდა კომპანია „ცენტრ პოინტს“, რომელსაც ოდესღაც პირდაპირი წესით ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ერთ ლარად გადაეცა ეს კონკრეტული ტერიტორია მაშინდელი ხელისუფლებისგან იმისათვის, რომ აეშენებინათ საცხოვრებელი კორპუსები. როგორც მოგეხსენებათ „ცენტრ პოინტი“ არის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია, რომელსაც ჰყავს ყველაზე მეტი დაზარალებული - 6000 -ზე მეტ ოჯახზეა საუბარი.

ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი, მხედველობაში მაქვს ნინოშვილის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობა მუნიციპალიტეტს კომპანიისგან გადაეცა საკუთრებაში, რათა მომხდარიყო პრივატიზაცია „ცენტრ პონტისგან“ დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით. ეს კონკრეტული სივრცე წამოიღო მუნიციპალიტეტმა, რათა შემდგომ გამოგვეყენებინა იმისათვის, რომ „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება მომხდარიყო. თბილისის მერიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პრივატიზაცია განხორციელებულიყო მიწის ნაკვეთის რეკრეაციული სტატუსით, რაც გამორიცხავს სამშენებლო სამუშაოებს. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, ამ ტერიტორიაზე არანაირი მშენებლობები, არანაირი კორპუსების აშენება არ მოხდება. მას აქვს რეკრეაციული ზონის სტატუსი და ამ სტატუსის ფარგლებში მოხდება მისი განვითარება. გასხვისება -პრივატიზაცია განხორციელდა „სითი ლოფთზე“, რომელიც „აჭარა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიაა. გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ერთ ლარად მოხდა პრივატიზაცია, პრივატიზაციის პირობა არის 18 მილიონ 400 ათასი ლარის განხორციელება „ცენტრ პოინტის“ დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილების მიზნით. მე პირადად მაქვს მიცემული პირობა ამ ოჯახებისთვის, რომ ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც ამ პრობლემას, რაც უკვე რამდენი წელია არსებობს ქვეყანაში და ამ ოჯახებისთვის, მოაწესრიგებს და მოაგვარებს, როგორც ეს იყო სამშენებლო კომპანია „სვეტის“ და „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შემთხვევაში,“ - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაში მოსახლეობა ცხოვრობს, რომელსაც ქირით გასვლა შესთავაზეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ნაწილს როგორც დევნილის სტატუსის მქონეს, სახელმწიფო უკვე დაეხმარა.

„რაც შეეხება ადამიანებს, ვინც ამ შენობა ნაგებობებში ცხოვრობენ, ჩვენ შევთავაზეთ ქირით გასვლა და ამ პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტი იღებს თავის თავზე. ამ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი წარმოადგენს დევნილის სტატუსის მქონეს, რომლის წინაშეც სახელმწიფომ ვალდებულება შეასრულა და მათ გადასცა საცხოვრებელი ფართები წლების წინ, თუმცა, ჩვენ ამ ადამიანებს მაინც შევთავაზეთ ქირით დახმარება. შეიძლება გაყიდეს ეს მიღებული საცხოვრებელი ბინები, ღია ცის ქვეშ ჩვენ არავის დავტოვებთ, არასდროს არავინ დაგვიტოვებია,“ - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:ნინოშვილზე არსებული მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო პირობაა "ცენტრ პოინტის" დაზარალებულების დასაკმაყოფილებლად 18 400 000 ლარის გამოყოფა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს