თსუ-ში წიგნის „ევროპელი სოციალისტების ვიზიტი საქართველოში“ პირველი ტომის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენის - ევროპის მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტის ასი წლისთავს ეძღვნება წიგნის „ევროპელი სოციალისტების ვიზიტი საქართველოში“ პირველი ტომი, რომლის პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ოთხენოვანი (ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ენებზე) წიგნის პირველი ტომი უნივერსიტეტის დაარსებიდან 103-ე წლისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამოიცა.

პუბლიკაციას, რომელიც თსუ-ს ბიბლიოთეკამ მოამზადა, საფუძვლად დაედო მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის 1920 წლის ათდღიანი ვიზიტი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ევროპელი სოციალისტების ჩამოსვლა. დელეგაცია იმ დროისთვის საკმაოდ მძიმეწონიანი პოლიტიკოსებისგან შედგებოდა. წიგნის შედგენისას გამოყენებულია პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის არქივის მასალები, რომელიც ორიოდე წლის წინ საჩუქრად გადმოეცა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.

„საინტერესოა, როგორი თვალით დაინახეს ევროპელმა დელეგატებმა ახალგაზრდა დემოკრატია საქართველოში, პირველი დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში და სხვადასხვა სფეროში გატარებული რეფორმები. დელეგაციამ მთელი საქართველო მოიარა. ამ წიგნით მკითხველი პასუხს გასცემს მთავარ კითხვას - არის თუ არა საქართველო ევროპის ნაწილი. საქართველო ევროპის სამაგალითო ნაწილია“,- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„ებერტის ფონდისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მეორე პროექტი განხორციელდა. მოხარული ვართ, რომ ახალგაზრდები ინტერესით იკვლევენ პირველი რესპუბლიკის პერიოდს, ურთიერთობას ევროპელ კოლეგებთან, რეფორმებს. ეს პერიოდი იმსახურებს სრულყოფილ შესწავლას. ვფიქრობ, კიდევ ბევრი საინტერესო ფაქტი გახდება ცნობილი“,- აღნიშნა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა, ია თიკანაძემ.

ოთხენოვანი წიგნი ორი ტომისაგან შედგება. წიგნის პირველი ტომი ევროპელი დელეგატების საქართველოში მოგზაურობას ეხება, აქცენტი ადგილობრივი პერიოდული პრესით გაშუქებულ ინფორმაციაზე კეთდება. გამოცემას ერთვის დიმიტრი შველიძის, სტივენ ჯონსის და ტიერი ბერიშვილის სტატიები, ასევე, ვიზიტის ამსახველი ფოტომასალა.

„ევროპელი სოციალისტები გულშემატკივრობდნენ ჩვენს ქვეყანას, რადგან აქ შეიქმნა პირველი სოციალისტური რესპუბლიკა. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლების ინტერესში იყო ევროპული ქვეყნების მხარდაჭერა, რათა მათ საქართველოს დამოუკიდებლობა ეცნოთ. დელეგაციის წევრებმა საკუთარი თვალით ნახეს ის წინსვლა, ის წარმატებები, რასაც სოციალ-დემოკრატებმა საქართველოში დროის მოკლე მონაკვეთში მიაღწიეს“,- აღნიშნა თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, გამოცემის მთავარმა რედაქტორმა ზურაბ გაიპარაშვილმა.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის შესწავლა მთელი 70 წლის განმავლობაში არ მიმდინარეობდა. ბევრი ისტორიული მოვლენის კვლევა დღეს მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა იყო ევროპელი სოციალისტების ჩამოსვლა. საქართველოში ჩამოვიდნენ მეორე ინტერნაციონალის ყველაზე დიდი ავტორიტეტები. მათ მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს შესახებ მთელ ევროპას. ევროპაში მოეწყო მიტინგები, დემონსტრაციები, გამოსვლები, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს აღიარებას. ამის შედეგი იყო ის, რომ 1921 წლის დასაწყისში ევროპის ქვეყნებმა ცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა“,- განაცხადა თსუ-ს პროფესორმა დიმიტრი შველიძემ.

ევროპელი სოციალისტების ვიზიტის ამსახველი ოთხენოვანი წიგნი თსუ-სა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობას შორის 2020 წლის 20 ივლისს დადებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც ხელი უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ფონდის დირექტორმა ია თიკანაძემ მოაწერეს. წიგნის შემდგენლები არიან სალომე ჭანტურიძე, ქეთევან ქუსიკაშვილი და ზურაბ გაიპარაშვილი,

წიგნის პირველი ტომი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობისა და ეროვნული არქივის ფინანსური დახმარებით გამოიცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა