ივერი მელაშვილის ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებენ

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებს.

როგორც მარიკაშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარის მტკიცებულებები „უხეში დარღვევითაა“ მოპოვებული.

„ჩვენ გვაქვს არაერთი შუამდგომლობა ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. ეს შუამდგომლობები გულისხმობს იმ მტკიცებულებების არ დაშვებას, რომელიც მოპოვებულია ბრალდების მხარის მიერ ძალიან მნიშვნელოვანი საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით. მათ შორის, მტკიცებულებები არის ის 200 000-იანი რუკები, რომლებზეც არის ბრალდება დაფუძნებული. ვფიქრობ, ბრალდების მხარეს ეს მტკიცებულებები, მიუხედავად მისი შინაარსისა, საკმაოდ უხეში დარღვევით აქვს მოპოვებული. ასევე, ჩვენ ვითხოვთ იმ ექსპერტიზების დაუშვებლობას, რომლებშიც სუბიექტური პირები მონაწილეობდნენ. ბატონი ხორბალაძე არის თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიული დეპარტამენტის თანამშრომელი და პირადად იყო ამ ექსპერტიზაში ჩართული, როგორც ექსპერტი. ჩვენთვის წარმოუდგენელია, ხორბალაძის თანამშრომლის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა როგორ შეიძლება იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი. ზოგადად, თავდაცვის სამინისტრო მხარეა ამ საქმეში. შესაბამისი მტკიცებულებებიც უნდა იქნეს დაუშვებელი“, - განაცხადა მარიკაშვილმა.

მისივე განცხადებით, ბრალდების მხარე მიზანმიმართულად არ ატარებს მნიშვნელოვან ექსპერტიზებს.

„ბრალდების მხარე მიზანმიმართულად არ ატარებს ძალიან მნიშვნელოვან ექსპერტიზებს, რომლებზეც დარწმუნებული ვარ, იციან, რომ მათთვის სასარგებლო პასუხი არ იქნება. ამის პარალელურად, დაცვის მხარემ დავნიშნეთ ექსპერტიზები უცხოეთში, მათ შორის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითებში საკმაოდ გამოცდილ პროფესიონალთან და შესაბამისად, ამ მტკიცებულებების დაუშვებლობას ითხოვს ბრალდების მხარე. მათ არ სურთ, რომ ჩაატარონ ექსპერტიზები, ასევე არ სურთ, რომ მეტი ნეიტრალური, ობიექტური და კვალიფიციური პირის საექსპერტო მოსაზრებები იყოს ამ საქმეში, მათი სურვილია, რომ ხორბალაძის წარმომადგენლები იყვნენ ექსპერტები“, - განაცხადა მარიკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. სასამართლო პროცესს ბრალდებულებიც დაესწრებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა