პროკურორი - სასამართლოს სხდომაზე დამატებით მტკიცებულებებს წარვადგენთ, ეს არის ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები, სადაც ის ჩადენილ ქმედებას აღიარებს

ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ახალ მტკიცებულებას წარადგენს ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებების სახით. როგორც სადრაძე ამბობს, „მათ შორის მაგალითად განცხადებას, რომ დავით გარეჯი საქართველო არ არის“.

„ეს არის წინასასამართლო სხდომა, რომელზეც დავაყენეთ შუამდგომლობები ჩვენი მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით, ამავდროულად, დღევანდელ სხდომაზე წარმოვადგენთ დამატებით მტკიცებულებებს. ეს არის ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები, სადაც ის აღიარებს ჩადენილ ქმედებას, მაგალითად, იმ განცხადებას, რომ დავით გარეჯი არ არის საქართველოს ტერიტორია. ეს არის საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები და ბუნებრივია ამას ჩვენ მტკიცებულებად წარვაგდებთ, რადგან ასეთი ფორმით გაკეთებული საჯარო განცხადებები შესაბამისობაში არის ბრალდებულების მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებასთან, რომელიც ასევე დოკუმენტურად არის დადასტურებული საქმეში,“- აცხადებს სადრაძე.

ამასთან, როგორც პროკურორი აცხადებს, ივერი მელაშვილის განცხადება დავით გარეჯთან დაკავშირებით მტკიცებულების სახით სრულად არის წარმოდგენილი.

„სრული კონტექსტი არის წარმოდგენილი, სადაც აზრი არ არის გაწყვეტილი და ბრალდებულის საჯარო პოზიცია სრულყოფილად არის წარმოდგენილი, ეს განცხადება მოიპოვება საჯარო სივრცეში, შესაბამისად, ამ მიმართულებით ავთენტურობასთან დაკავშირებით კითხვები ვერ იქნება, რაც შეეხება ამ განცხადებების შინაარსს, ბრალდებული აცხადებდა, რომ დავით გარეჯი არ არის საქართველოს ტერიტორია. ბრალდებული საუბრობს, რომ ის მონაკვეთები და ჩვენ ვედავებით 13 მონაკვეთს, არასოდეს ყოფილა საქართველოს ტერიტორია. ბრალდებული რა დოკუმენტსაც ადგენდა და წარადგენდა მეორე მხარესთან როგორც საქართველოს ოფიციალური პოზიციის ამსახველს, იქ იყო დაფიქსირებული საზღვრის ხაზი, რომელიც ბრალდებულებმა შეადგინეს და ეს საზღვრის ხაზი სწორედ იყო საქართველოს საწინააღმდეგოდ განხორციელებული. 13 მონაკვეთთან დაკავშირებით ბრალდებული აცხადებს, რომ არ ყოფილა საქართველოს საკუთრებაში და ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, 13 მონაკვეთი, ასევე რუკის ალბომები, დოკუმენტები, რომელსაც ბრალდებულები ადგენდნენ და იყენებდნენ და აფიქსირებდნენ მასზე საზღვრის ხაზს, ქედზე გადიოდა საზღვრის ხაზი და არა უდაბნოს მთის კალთის ქვეშ“,- განაცხადა პროკურორმა.

ის ასევე გამოეხმაურა დაცვის მხარის შუამდგომლობას საზღვარგარეთ ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამის უფლებამოსილება მხოლოდ გამომძიებლებს და პროკურორებს აქვთ.

„დაცვამ წარმოადგინა მტკიცებულებების 10 ტომი, აქედან 9 ტომი არის ჩვენი მტკიცებულებება პრაქტიკულად დაკოპირებული, მეათე ტომის 80% არის მხოლოდ და მხოლოდ კორეპონდენცია, ნაწილი არის მიმართვა საზღვარგარეთ ექსპერტიზის დანიშვნაზე. ამაზე პასუხი სამართლებრივია, რადგან დაცვის მხარეს საპროცესო კანონმდებლობის თანახმად არ აქვს უფლებამოსილება ჩაატაროს მსგავსი საპროცესო მოქმედება, რადგან ამაზე წერია კანონმდებლობაში, რომ ამ უფლების რეალიზაციის ადრესატები არიან გამომძიებლები და პროკურორები, აქედან გამომდინარე, პასუხი ძალიან მარტივია, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი ჩვენი პოზიციის,“- განაცხადა სადრაძე.

ამასთან, პროკურორის განცხადებით, საქმეზე გამოძიება აქტიურად გრძელდება დავალებების გამცემი პირების მიმართულებით.

„ვაგრძელებთ გამოძიებას საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში, მთავარი აქცენტი გადატანილია დავალებების გამცემ პირებზე, ამ მიმართულებით საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, გარკვეული სტანდარტი მტკიცებულებების არსებობს, წინმსწრებად ვერაფერს გეტყვით ვერც პირების ინდეტიფიცირებას მოვახდენთ,“-განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა