ნინო წილოსანი - სამინისტროსთან ერთად, მნიშვნელოვან ცვლილებებს განვახორციელებთ სექტორის განვითარებისთვის

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ერთხმად დაამტკიცეს კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა წარადგინა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის სამოქმედო გეგმა შემუშავებულია კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების მიზნით. კომიტეტის უმთავრეს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, როგორც აგრარული პოლიტიკის მიმართულებით კანონშემოქმედებითი საქმიანობის განსაზღვრა (მათ შორისაა, კომიტეტის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითა და DCFTA-ით გათვალისწინებული რეგულაციების საკანონმდებლო უზრუნველყოფა), ასევე ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოებისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიების განხორციელებაზე ეფექტური ზედამხედველობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობის აღსრულების პროცესის ხელშეწყობა.

„სამოქმედო გეგმა გამოხატავს იმ პრიორიტეტებსა და საჭიროებებს, რომლებზეც კომიტეტი აქტიურად იმუშავებს 2021 წლის განმავლობაში. სამოქმედო გეგმა გარდა ჩვენი ხედვებისა, ითვალისწინებს იმ თავისებურებებს, რითაც ეს 2021 წელი ხასიათდება და ეს არის პოსტ პანდემიური პერიოდი. შესაბამისად, ბიუჯეტიც პოსტ პანდემიურია. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას იმ მოცემულობით შეუდგა, როცა გარკვეულწილად ბიუჯეტი ფორმირებული იყო და ჩვენ მოგვიწია ამ ბიუჯეტის როგორც ფაქტი, ისე მიღება. აქედან გამომდინარე, კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ სამოქმედო გეგმაში კონცენტრაცია ძირითადად იმ პრობლემების დეტალურ მოკვლევაზე მოგვეხდინა, რომლებიც სექტორში არსებობს, და შემდეგ, მათ შესაბამის ასახვაზე მომავალი წლის ბიუჯეტში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა სამოქმედო გეგმის წარდგენისას.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, კომიტეტის სამოქმედო გეგმის ძირითადი ხაზი იქნება ფერმერები, ფერმერული მეურნეობები, მათი საჭიროებები, რომელთან დაკავშირებითაც დაიწყება კანონზე მუშაობა. ასევე კოოპერატივები და ის საკითხი, თუ რატომ არ იმუშავა ამ სფეროში კანონმა. ამ საკითხზე კომიტეტმა მოკვლევაც დაიწყო, რის შედეგადაც განსაზღვრავს თუ რა პრობლემებია კოოპერატივების წინაშე, რისი შეცვლა შეიძლება და სხვა.

„სამინისტროსაც თავისი შემოთავაზებები აქვს ამ მიმართულებით და ჩვენ, ერთობლივად, მნიშვნელოვან ცვლილებას განვახორციელებთ სექტორის განვითარებისთვის“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია კომიტეტში სამუშაო ჯგუფების ამოქმედება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჩაის, აგრო რეგიონის განვითარების მიმართულებით. დაგეგმილია აგრორეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით პოლიტიკური დოკუმენტის - კონცეფციის შექმნა, დარგობრივი და პოლიტიკური ეკონომიკის და თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტებთან ერთობლივად. კომიტეტი აქტუალურ საკითხებზე თემატური მოკვლევების ჩატარებასაც გეგმავს.

შემდეგ კომიტეტმა, გაფართოებულ რეჟიმში, მოისმინა ინფორმაცია განახლებული ექსტენციისა და რეგიონებში ფერმერთა ცნობიერების ამაღლების შესახებ.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სისტემის განვითარება, რომლის მიზანია ფერმერთათვის საჭირო ცოდნისა და ინფორმაციის მიწოდება, ფრიად მნიშვნელოვანია იმ პრობლემათა გადასაჭრელად, რომლებიც ფერმერებს ცოდნის მიღების გზაზე ხვდებათ. შესაბამისად, ფერმერთა ცნობიერების ამაღლება აუცილებელია დარგის პროდუქტიულობის, მომგებიანობისა და კონკურენტუნარიანობის შემდგომი ზრდისთვის. აღნიშნულ საკითხზე კანონმდებლებს დეტალური ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა და სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ გააცნეს.

გიორგი ხანიშვილის განცხადებით, 2024 წელს როდესაც ქვეყანამ განაცხადი უნდა გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე, ამ მიმართულებით სამინისტროს მუშაობა უკვე მრავალი წელია დაწყებული აქვს. სწორედ ევროპასთან დაახლოების ფარგლებში, ორი წლის წინათ, განახორციელეს ფუნდამენტური რეფორმა, რომლის შედეგია რამდენიმე სამსახურის საფუძველზე სოფლის განვითარების სააგენტოს შექმნა. დღეს სამინისტრო სწორედ იმ ეტაპზეა, როდესაც უნდა მოახდინოს ინფორმაციის მიტანა ყოველ რაიონში, ყოველ სოფელში თითოეულ ფერმერამდე. 2024-2025 წლებისათვის სოფლის განვითარების სააგენტო თვისობრივად უკვე ევროპული სტრუქტურა იქნება და ქვეყანას, დონორების დახმარებით, საშუალება ექნება თვისობრივად ევროპული დაფინანსების მოდელი დანერგოს საქართველოში, რასაც საფუძვლად უნდა დაედოს სწორედ განახლებული ექსტენცია და რეგიონებში ფერმერთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა.

ლაშა შალამბერიძემ კომიტეტის წევრებს ქვეყანაში ექსტენციის სერვისის განვითარებისა და ფერმერთა ცნობიერების ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით უკვე განხორციელებული ღონისძიებები და ასევე სამომავლო გეგმები გააცნო. მისი თქმით, რეგიონული სამსახურები და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები გადავიდნენ ახალ პლატფორმაზე - regions.mepa.gov.ge, რაც საშუალებას იძლევა, რომ საექსტენციო მომსახურეობა უფრო ხელმისაწვდომი, სწრაფი და საჭიროებებზე ორიენტირებული გახდეს. სამინისტროს ელექტრონული ბიბლიოთეკის მეშვეობით კი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთ სივრცეში გააცნონ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ სხვადასხვა ნაშრომებს, სადემონსტრაციო ნაკვეთების რუკას, ღონისძიებების კალენდარსა და წარმატებული პროექტების შესახებ ინფორმაციას. სამსახური ასევე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გაიზარდოს ახალგაზრდობის ჩართულობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ფერმერთა/სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით დაინერგა კარდაკარის პრინციპით შეხვედრები, ტრენინგები, სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ფერმერების დასწრება და სხვა აქტივობები.

როგორც ნინო წილოსანმა განაცხადა, რეფორმის საჭიროება იდგა ამ სფეროში და წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით შედეგები არც თუ ურიგოა. კომიტეტი შესაძლებლობის ფარგლებში, სამინისტროს აღმოუჩენს შესაბამის მხარდაჭერას იმ მიმართულებით, სადაც ამის აუცილებლობა იქნება, ამასთანავე პროცესებს მუდმივ მონიტორინგს გაუწევს.

იოსებ ბარათაშვილი - თუ უმოკლეს ვადებში არ გამოქვეყნდა რა აუცილებლობით კეთდებოდა ფარული ჩანაწერები, ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ძალზე მძიმე ბრალდებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2021
ირაკლი მელაშვილი - იმგვარ ვითარებაში, რომელშიც ვართ, საქართველოში ძალოვნებმა დაღუპეს ყველა ხელისუფლება და ახლა დაღუპავენ ამ ხელისუფლებასაც
კრიპტალი მომხმარებლებს 1 მილიონ შიბა ინუს (ელექტრონული ფული) ჩუქნის
BDO Digital-ი SWIFT-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა
BDO Digital-ი კომპანიებს აქტივების მართვის თანამედროვე გადაწყვეტას სთავაზობს
ქართული უნივერსიტეტი საერთაშორისო კონკურსში ნომინაციის ,,მომავლის განათლება’’ გამარჯვებული გახდა