საბა ბუაძე - ხათუნა სამნიძის განცხადებას „ლელო“ ერთმნიშვნელოვნად არ ეთანხმება - საპარლამენტო საქმიანობაში ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა, ბოიკოტიდან გასვლას ნიშნავს

ხათუნა სამნიძის განცხადებას ერთმნიშვნელოვნად არ ვეთანხმებით, რადგან დღეს გაცილებით დიდ ამოცანად მიგვაჩნია ბოიკოტის შენარჩუნება , - ასე შეაფასა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადება, რომლის თქმით, თუ „ქართული ოცნება“ დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც პროპორციული არჩევნების ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, „რესპუბლიკური პარტია“ კენჭისყრაში მონაწილეობისთვის მზადაა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საბა ბუაძემ განუცხადა, საპარლამენტო საქმიანობაში ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის რეჟიმიდან გასვლას ნიშნავს.

მისი თქმით, ბოიკოტის რეჟიმიდან გასვლა აბრკოლებს იმ მიზნამდე მისვლას, რასაც ვადამდელი არჩევნები ჰქვია.

„ლოგიკურია, რომ ზოგიერთ პარტიას 0%-იანი ბარიერის არსებობა პრობლემად მიაჩნია, თუმცა, ახლა ჩვენთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა არის ის, რომ შევინარჩუნოთ ბოიკოტი. საპარლამენტო საქმიანობაში ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა ამ ბოიკოტიდან გასვლას ნიშნავს. ამ ბოიკოტის რეჟიმიდან გასვლა ჩვენს ყველაზე მთავარ მიზანს ასუსტებს და აბრკოლებს, რასაც ვადამდელი არჩევნები ჰქვია. ჩვენ, ჩვენი ძალისხმევის უდიდეს ნაწილს სწორედ ახალი არჩევნების საკითხზე შეთანხმებას ვახმართ და სამწუხაროა, რომ ასეთი ინიციატივები გვესმის, რომელიც ამ მიზნისკენ სვლაში ნამდვილად პრობლემას წარმოადგენს. ამ განცხადებას ერთმნიშვნელოვნად არ ვეთანხმებით, რადგან დღეს გაცილებით დიდ ამოცანად მიგვაჩნია ბოიკოტის შენარჩუნება. ეს ვერ მოხდება, თუ რაიმე ფორმით ვინმე მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო პროცესში. ვერ გეტყვით ამ კენჭისყრაში მონაწილეობა ვინმესთვის არის თუ არა მისაღები. „ლელოს სახელით დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ინიციატივა ჩვენთვის მისაღები არ არის და მიგვაჩნია, რომ ის წინააღმდეგობაში მოდის იმ ბოიკოტის რეჟიმთან, რომელშიც ყველანი ერთად ვიმყოფებით. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, 0%-იანი ბარიერის საკითხში ჩვენი მოსაზრებები გვქონდეს, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ბოიკოტის შენარჩუნებაა“,-განაცხადა ბუაძემ.

მან აღნიშნა, რომ მსგავსი წინადადება „ქართული ოცნების“ მხრიდან შემოთავაზებული არც კი ყოფილა.

„ასეთი წინადადება „ქართული ოცნების“ მხრიდან მოლაპარაკებების მაგიდაზე მოტანილი არ ყოფილა. ამიტომ, ის, რაც ფორმალურად შემოთავაზებული არ არის, ამ საკითხზე მსჯელობა და განხილვა არაპროდუქტიულია“,-განაცხადა ბუაძემ.

მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად და „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის დასაწყებად ჯერ ოპოზიციის მიერ წამოყენებული მოთხოვნები უნდა შესრულდეს. საბა ბუაძის განმარტებით, გიორგი რურუას გათავისუფლება ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად რჩება.

„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ახალი არჩევნების საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევაზე. ამას სხვადასხვა ფორმით ვაკეთებთ, როგორც საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებით, ასევე სერბული გამოცდილების გაზიარებით, რომელიც არჩევნების 2022 წელს ჩატარებას გულისხმობს. განვიხილავთ ვერსიას, რომ ახალი, ვადამდელი არჩევნები შეიძლება 2022 წელს ჩატარდეს, მაგრამ იქამდე ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმება გვჭირდება, რომელიც ამ დრომდე მიღწეული არ არის.

პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით აუცილებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ" შეასრულოს კონკრეტული ამოცანები და პოლიტიკური დევნა შეწყვიტოს როგორც იმ ადამიანების მიმართ, ვინც გირაოთი არის გამოშვებული, ასევე გიორგი რურუას მიმართ, რომელიც დღემდე საპატიმროში იმყოფება და მას არანაირი ფორმით არ შეხებია რაიმე ფორმით პროცესის შემსუბუქება. ამიტომაც, პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრას და ნორმალურ ვითარებაში შეგვეძლოს შეთანხმებასა და პოლიტიკურ მოლაპარაკებაზე საუბარი. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა ჩვენთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს და შეთანხმება მიღწეული იყოს. ცხადია, ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ადამიანების ბედით და თავისუფლებით არ ვვაჭრობთ“,-განაცხადა ბუაძემ.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამგვარი ქცევა, პარლამენტში შესვლას არ ნიშნავს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო