მივესალმები ნებისმიერ წინადადებას და მის განხილვას, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო სისტემისა და პროცესის გადემოკრატიულებას საქართველოში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა არმაზ ახვლედიანმა „ინტერპრესნიუსს“ „რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივასთან დაკავშირებით განუცხადა.
ახვლედიანი ფიქრობს, რომ აღნიშნული წინადადების განხილვა ღირს, თუმცა აცხადებს, რომ ოპოზიციის აზრს გაითვალისწინებს.
„ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ საერთო ოპოზიციური განწყობისგან პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით. მე მონაწილეობას მივიღებდი ამ ინიციატივის განხილვაში, თუ ის შედგება ოპოზიციურ ფორმატში. ვფიქრობ, ამ ინიციატივის განხილვა ღირს და გავითვალისწინებ ოპოზიციის აზრს და საერთო დამოკიდებულებას. თუმცა, ჩემი აზრია, რომ ამ ინიციატივის განხილვა, რა თქმა უნდა, შეიძლება“, - განაცხადა ახვლედიანმა.
ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამგვარი ქცევა, პარლამენტში შესვლას არ ნიშნავს.