ირაკლი მეზურნიშვილი „რესპუბლიკელების“ ინიციატივაზე - არ მესმის, რას ნიშნავს ერთჯერადად შემოსვლა პარლამენტში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივა ცალსახად კონსტრუქციული არაა.

როგორც მეზურნიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ბარიერთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ აქვს შეთავაზება და შემდეგი ნაბიჯი ოპოზიციისაა.

„გრძელდება ბულინგი და შეტევა ნებისმიერ იმ ოპოზიციონერის მიმართულებით, ვინც ოდნავ მაინც კონსტრუქციულ მესიჯს გააჟღერებს და შედარებით სწორ გზაზე დადგება, რაც დღეს „რესპუბლიკურმა პარტიამ“ გააკეთა. ეს ნაბიჯი არ არის ცალსახად კონსტრუქციული, მე არ მესმის, რას ნიშნავს ერთჯერადად შემოსვლა პარლამენტში. მათ მოიპოვეს საპარლამენტო მანდატი, უნდა შემოვიდნენ პარლამენტში, მიიღონ ჯანსაღ პოლემიკაში მონაწილეობა, მათ შორის, მიიღონ მონაწილეობა იმ პროცესში, რასაც ჰქვია თუნდაც ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, ჩვენ ღია ვართ ამ მიმართულებით. 0-დან 3%-მდე არის ჩვენი შეთავაზება. შემდეგი ნაბიჯი არის ოპოზიციონერების. ვის ინტერესებშიც ეს შედის, უნდა შემოვიდნენ, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ. ეს ხომ არაა რომელიმე კონკრეტულ პარტიაზე მორგებული. ეს არის სისტემა, რომელიც უნდა მოემსახუროს ჩვენს საზოგადოებას“,- განაცხადა მეზურნიშვილმა.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამგვარი ქცევა, პარლამენტში შესვლას არ ნიშნავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს