თეა ახვლედიანი ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დირექტორის მოადგილესთან დანილ ხოშაბოსთან, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკურ მრჩეველთან ჯონ დორბერთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან ნატალია ვუტოვასთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებული ანგარიშისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, ასევე სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდება.

სახელმწიფო მინისტრმა ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, ყველა უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულ კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრი მიესალმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოზე თანამომხსენებლების მიერ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც გმობს საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძისთვის 12 წლით და 6 თვით უკანონო პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ამასთან ერთად, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესსა და ამ კუთხით მიღწეულ შედეგებზე. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვისკენ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევის, მათ შორის ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობას.

„ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მომხსენებლებთან შეხვედრაზე სიღრმისეულად განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები და ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც შექმნილია განსაკუთრებით ახალგორის მიმართულებით.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ასევე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე. ამ კონტექსტში საერთაშორისო საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მათი კონსოლიდირებული ძალისხმევის და გაძლიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობა, რათა დაუყოვნებლივ და უპირობოდ მოხდეს დღესდღეობით საქართველოს ყველა მოქალაქის გათავისუფლება, რომლებიც იმყოფებიან უკანონო პატიმრობაში, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. ამავე კონტექსტში მადლიერება გამოვხატეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, რომელმაც ახლახანს თავისი მხარდამჭერი განცხადებით დაგმო ზაზა გახელაძისთვის უკანონოდ გამოტანილი სასჯელი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრისას განვიხილეთ სამშვიდობო ინიციატივის და ჩვენი ჩართულობის და შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და მინდა ვთქვა, რომ ამ შეხვედრას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთხელ გახდა ცხადი და თვალსაჩინო, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები და იქ არსებული ვითარება აქტუალურ საკითხებს შორის არის საერთაშორისო დღის წესრიგში“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს