პროკურატურა  ნიკა მელიასთვის შეფარდებულ გირაოზე - აღსრულების ბიუროს დასახელებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები არის საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა მელიას საქმეზე, აღსრულების ბიუროს მიერ დასახელებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები არის საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.

რაც შეეხება ე.წ გადახდის უნიკალურ იდენტიფიკატორს, რაზეც განცხადება მელიამ გააკეთა, როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშზე გირაოს თანხის გადახდის აუცილებელ რეკვიზიტს.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გირაოს თანხა ბრალდებულს ან სხვა ნებისმიერ პირს, ბრალდებულის სახელით ან მის სასარგებლოდ შეაქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. საბანკო დაწესებულებაში გირაოს თანხის გადასახდელად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს სისხლის სამართლის საქმის ნომერი, იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ვის სასარგებლოდაც ხდება თანხის გადახდა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშის რეკვიზიტები. აღსრულების ბიუროს დასახელებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები არის საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ასევე ეს რეკვიზიტები მითითებულია აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლოს განჩინებებში.

აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშის მითითებული რეკვიზიტები ასევე ცნობილია თავად ბრალდებულ ნიკანორ მელიასთვის, რადგან მისთვის თავდაპირველად შეფარდებული გირაოს თანხის - 30 000 ლარის ოდენობით გადახდა, სწორედ ამ ანგარიშზე განხორციელდა.

რაც შეეხება ე.წ გადახდის უნიკალურ იდენტიფიკატორს, აღნიშნული არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშზე გირაოს თანხის გადახდის აუცილებელ რეკვიზიტს და გამოიყენება გადახდილი თანხის ანგარიშზე დროულად ასახვისა და ანალიტიკური მიზნებისათვის“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ის არ გადაიხდის გირაოს და არავის აქვს უფლება გადაიხადოს მის მაგივრად.

"გირაოს გადახდისთვის საბანკო ანგარიშის გარდა აუცილებელია სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელსაც გასცემს პროკურატურა მხოლოდ ბრალდებულზე, ან მის ადვოკატზე. არც მე, არც ჩემს ადვოკატს არანაირი ასეთი კოდი არ მოგვითხოვია და არც მოუციათ და შესაბამისად, თუკი ვინმე ჩემს მაგივრად გადაიხდის გირაოს თანხას, წინასწარ ვაცხადებ, ეს იქნება პროკურატურის და ამ ხელისუფლების მორიგი ბინძური მაქინაცია", - აცხადებს მელია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო