„ლელოს“ ლიდერებმა ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

დღეს „ლელოს" ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ, ანა ნაცვლიშვილმა და გიორგი სიორიძემ ონლაინ (zoom) ეუთო/ოდირი (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ეუთო/ოდირი (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისია ამზადებენ ერთობლივ მოსაზრებას „ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს.

"ლელოს" ლიდერებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია კანონპროექტის არაკონსტიტუციურობის თაობაზე. საქართველოს კონსტიტუცია და შესაბამისი კანონები პარტიის დაფინანსების საკითხს არ უკავშირებს პარტიის საპარლამენტო წარმომადგენლობას და საქმიანობას, ხოლო ინიცირებული კანონპროექტი ამ პრინციპს ეწინააღმდეგება. "ლელოს" ლიდერებმა ასევე განმარტეს, რომ კანონპროექტს აქვს ცალსახად სადამსჯელო ხასიათი და მიზნად ისახავს ბოიკოტში მყოფ ოპონენტებზე ზეწოლის განხორციელებას, რაც აბსოლუტურად შეუსაბამოა, როგორც პოლიტიკური პლურალიზმის, ასევე სამართლის უზენაესობის პრინციპებთან“,-აღნიშნავენ პარტიაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2020 წლის არჩევნები და ის დარღვევები, რომელიც საარჩევნო ოლქებში დაფიქსირდა.

„ეს შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული. საუბარი შეეხებოდა საარჩევნო პერიოდს. დარღვევებს, რომელიც გარკვეულწილად მტკიცდება და აგრეთვე იმ საერთო სურათს, რომელიც შექმნა „ქართულმა ოცნებამ". ხელისუფლების და მმართველი გუნდის მოქმედებები შეუძლებელს ხდის მყარი მტკიცებულებებით დადასტურდეს უშუალოდ არჩევნების პროცესის გაყალბება. ჩვენ მოვიყვანეთ არგუმენტები და დავასაბუთეთ თუ, რატომ არის ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტი ლეგიტიმური, გამართლებული და მეორეს მხრივ, რატომ არის ეს პარლამენტი არალეგიტიმური", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ანა ნაცვლიშვილმაც. მისი თქმით, „ოცნების" ქმედება არის პოლიტიკური დასჯისა და შანტაჟის მექანიზმი.

„საქართველოს პარლამენტმა გააგზავნა ცვლილებათა პაკეტი, საქართველოს ორგანულ კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, რომელიც შეეხება საქართველოს პარლამენტში შესატან ცვლილებებს, პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასა და მის შეწყვეტას, პოლიტიკური ბოიკოტის შემთხვევაში. ორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოისმინეს ჩვენგან პოლიტიკური და სამართლებრივი არგუმენტები, თუ რატომ არის საზიანო ჩვენი დემოკრატიისთვის „ოცნების" ქმედება. ასევე მათ მოისმინეს პოლიტიკური არგუმენტები, რატომაა საზიანო „ქართული ოცნების" მხრიდან პოლიტიკური დასჯისა და შანტაჟის მექანიზმის ლეგიტიმაცია", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო