საქართველოს მოსახლეობა კლიმატის ცვლილებას კაცობრიობის სამ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას შორის ასახელებს

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოებრივი აზრის პირველი ფართომასშტაბიანი გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებენ.

მათი ცნობით, საქართველოს მოსახლეობას კარგად ესმის, რომ კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და კეთილდღეობას. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება გარემოსადმი მეგობრულ ცხოვრების წესზე გადასვლას მოითხოვს, თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილი მზადაა პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით. ეს და სხვა მიგნებები შესულია საზოგადოებრივი აზრის ფართომასშტაბიანი გამოკითხვის ანგარიშში „რა იცის საქართველოს მოსახლეობამ კლიმატის ცვლილების შესახებ“, რომელიც ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) დღეს გამოაქვეყნეს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა განახორციელა კავკასიის გარემოსდაცვითმა ცენტრმა (REC Caucasus) ევროკავშირისა და UNDP-ის დაკვეთით.

კვლევის შედეგები ეყრდნობა 1,100 პირისპირ ინტერვიუს, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში 2020 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ჩატარდა. კვლევის ძირითადი მიგნებები ასახავს ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას კლიმატის ცვლილების მიმართ: გამოკითხულთა 98 პროცენტს სმენია კლიმატის ცვლილების შესახებ. 94 პროცენტი ამბობს, რომ კლიმატის ცვლილება ისეთივე გავლენას ახდენს საქართველოზე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე. 91 პროცენტი აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილება რეალობაა და არა მითი. 85 პროცენტი კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციას თვეში ერთხელ მაინც ეცნობა. 72 პროცენტი ფიქრობს, რომ კლიმატის ცვლილების გავლენა უკვე იგრძნობა.

„კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ევროკავშირი მსოფლიო ლიდერია, მაგრამ საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და თითოეული ადამიანის ჩართულობის გარეშე ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწევთ. საზოგადოებრივი აზრის პირველი ფართომასშტაბიანი კვლევა შესანიშნავი შესაძლებლობაა, შევისწავლოთ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება კლიმატის ცვლილების მიმართ და შევაფასოთ როგორც საზოგადოების მოლოდინი, ისე ადამიანების მზაობა, პირადი წვლილი შეიტანონ კლიმატის ცვლილების დაძლევის საქმეში“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორმა ალექსანდრე დარასმა ევროკავშირისა და UNDP-ის კვლევის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობისთვის კლიმატის ცვლილება ისეთივე დიდი გამოწვევაა, როგორც სიღარიბე და ინფექციური ან ვირუსული დაავადებების გავრცელება.

კაცობრიობის მნიშვნელოვანი გამოწვევების რიგში კლიმატის ცვლილება მესამე ადგილს იკავებს. კვლევის ეს მიგნება, ასევე, ეხმიანება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინოვაციურ გლობალურ გამოკითხვას Peoples’ Climate Vote, რომელმაც 2020 წელს 1.2 მილიონი ადამიანი და 50 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო, მოიცვა. ამ კვლევის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 68 პროცენტი მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება გლობალური კატასტროფაა. ევროკავშირისა და UNDP-ის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობამ თითქმის არაფერი იცის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე ან ამ მხრივ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებზე. გამოკითხულთა რიცხვი, რომელთაც სმენია „ეროვნულად განსაზღვრული წვლილის“ შესახებ 10 პროცენტს არ აღემატება.

კვლევის რესპონდენტები, რომელთაც ბოლო დროს მიუღიათ ინფორმაცია კლიმატის ცვლილების თაობაზე, ვერ იხსენებენ ამ ინფორმაციის შინაარსს. ამავდროულად, გამოკითხულთა უმრავლესობა კარგად აცნობიერებს, რომ კლიმატის ცვლილება უშუალო გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე და ამის დასადასტურებლად ისეთ მოვლენებს ასახელებს, როგორიცაა წყალდიდობა, გვალვა, სეტყვა, მეწყერი, კოკისპირული წვიმა და სხვა ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენები.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა კლიმატის ცვლილების შეჩერება, გამოკითხულთა აზრი თითქმის თანაბრად იყოფა. 45 პროცენტი თვლის, რომ დრო ჯერ კიდევ არის, ხოლო 49 პროცენტი დარწმუნებულია, რომ უკვე გვიანაა. რესპონდენტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადამიანების ინდივიდუალურ ქცევას შეუძლია გავლენა იქონიოს კლიმატის ცვლილების პროცესზე. გამოკითხულთა 65 პროცენტი ამ მოსაზრებას ეთანხმება მაშინ, როდესაც სხვა ადამიანების ქცევაზე საუბრობს, ხოლო 57 პროცენტი ამავე შეხედულებას საკუთარ თავზე განავრცობს.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს მონაცემი საქართველოს მოსახლეობის „მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე“ მიუთითებს. თუმცა, გამოკითხულთა დამოკიდებულება არ იწვევს მათ მიერ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას კლიმატისადმი მეგობრული ცხოვრების სტილის მიმართულებით. პირიქით, მხოლოდ მცირე ნაწილი ამბობს, რომ ითვალისწინებს გარემოსდაცვით მოსაზრებებს ავტომობილისა თუ საოჯახო ტექნიკის შეძენისას ან გათბობა-კონდიცირების საშუალებების შერჩევისას.

„კვლევის მიგნებები ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ქართველებმა იციან, რომ კლიმატის ცვლილება მათ სიცოცხლესა და კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს და ასევე, აღიარებენ, რომ პლანეტის გადარჩენის საქმეში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. იმისთვის, რომ ეს ცოდნა პრაქტიკულ ქმედებად იქცეს, ადამინებმა უნდა დაინახონ, რომ კლიმატისადმი მეგობრული ქცევა შეიძლება ფინანსურად გამართლებულიც აღმოჩნდეს“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კვლევა „რა იცის საქართველოს მოსახლეობამ კლიმატის ცვლილების შესახებ“ განხორციელდა რეგიონული პროგრამის EU4Climate ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელსაც UNDP აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში ახორციელებს, 2019 წელს დაიწყო და 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 8.8 მილიონ ევროს შეადგენს.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს