„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი ნანა ტოხვაძე განათლების სამინისტროს სასწავლო პროცესის არაეფექტურ მართვაში ადანაშაულებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე განათლების სამინისტროს სასწავლო პროცესის არაეფექტურ მართვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ტოხვაძის განმარტებით, როგორ აპირებს საჯარო სკოლები მოსწავლეების მიღებას პანდემიის პირობებში, დღემდე გაუგებარია.

მანვე აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრომ პასუხისმგებლობა სკოლებს გადააბარა, რათა მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში სკოლები, ადმინისტრაცია, მასწავლებლები და ის მშობლები დაადანაშაულოს, რომლებიც სასწავლო დაწესებულებების გახსნის მომხრენი იყვნენ.

„ტყუილია, რომ საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლები მზადაა სწავლების დასწრებული ფორმით გასაგრძელებლად. დღემდე გაურკვეველია, ელემენტარულად, პირბადის გამოყენების სავალდებულო წესი რომელ ასაკობრივ კატეგორიაზე ვრცელდება. განათლების სამინისტროს ნაჩქარევი და ზედაპირული დამოკიდებულების გამომჟღავნებაა ის ფაქტი, რომ საჯარო სკოლები 15 თებერვალს გაიხსნება და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე მოგვიწევს გამოვიმუშაოთ „ჯოგური იმუნიტეტი“.

ერთადერთი, რაშიც სამინისტრომ გასული 3 თვე გახარჯა, ის გახლავთ, რომ დირექტივების და ჯანდაცვის რეგულაციების „გადაკოპირებით“ შემოიფარგლა!

განათლების სამინისტრო ბოროტად სარგებლობს „ზემდგომის“ ფუნქციით და მხოლოდ სკოლის დირექციაზე პასუხისმგებლობების გადაბარებით სურს სასწავლო პროცესის აღდგენა. პანდემიის „აფეთქების“ შემთხვევაში კი, გეგმავს ხელი გაიშვიროს საჯარო სკოლების დირექციების, ადმინისტრაციების, მასწავლებლებისა და „სკოლების გახსნის“ მომხრე მშობლებისაკენ. სამინისტროსგან დაყენებული ერთადერთი „ინიციატივა“ გახლდათ სკოლების დავალდებულება სრულად უზრუნველყონ ჯანმრთელობისა და სწავლების პროცესი, ყოველგვარი საერთო ეროვნული მხარდაჭერის მიღების გარეშე. ისმის ლეგიტიმური შეკითხვა: სად არის სახელმწიფო ან სად არის სკოლების გახსნის დეტალური გეგმა, რომელსაც მშობლები ითხოვდნენ?

Covid -19 -ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, განათლების სამინისტრო თავს "გვაწონებდა", რომ დისტანციური სწავლებითა და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დავეწიეთ ფინეთს! რამდენმა ჩვენგანმა მიიღო დეტალური ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინებით თუ ელექტრონული ფოსტით სავალდებულო რეგულაციების შესახებ?! საზოგადოება არ ფლობს ამომწურავ ინფორმაციას თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ“, - განაცხადა ტოხვაძემ.

მისივე თქმით, დღეს, როცა 2 სამუშაო დღე რჩება სკოლების სრულად აღდგენამდე, არ გვაქვს წარმოდგენა, თუ რამდენი სკოლა გაუმკლავდა მშობელთა ინფორმირების კამპანიას.

„რა სახსრებითა და მეთოდოლოგიით მიაწვდინეს ხმა მშობლებს, მასწავლებლებს თუ ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირებს საქართველოს მასშტაბით! გამოდის, რომ არჩევანი დასწრებულ სწავლებასა და ონლაინზე დარჩენას შორის პირობითია, რაც მხოლოდ მშობლის ემოციურ გადაწყვეტილებას ეფუძნება. მშობლებისთვის დღემდე უცნობია, რა პირობები ხვდებათ მოზარდებს სკოლებში. მოწესრიგებულია თუ არა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. რამდენი ადამიანია გამოყოფილი თერმოსკრინინგისთვის, რა განრიგით ან რამდენი დამლაგებლის ხარჯზე მოხდება 500, 800 და 1000 -ზე მეტ ბავშვიანი სკოლების დასუფთავება. რა გააკეთა სამინისტრომ ტექნიკური პერსონალის ადეკვატური ანაზღაურებისთვის, რომლებსაც პანდემიის გამო გაათმაგებული შრომა მოუწევთ. ნუთუ კვლავ 240 ლარის შემყურემ უნდა იშრომოს გაათმაგებულად სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელმა, მნემ, დამლაგებელმა და ა.შ.

ამრიგად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება განათლების სამინისტროს და არც ერთ შემთხვევაში არ გამოუვა, პასუხისმგებლობა გადააბაროს საჯარო სკოლებს და მათკენ გაიშვიროს თითი პანდემიის აფეთქების შემთხვევაში! სკოლებს, რომლებსაც აქამდე ჩატეხილი შუშის გამოცვლის ნებას არ რთავდა "ზევიდან" ჩარევის გარეშე“, - განაცხადა ტოხვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო