არჩილ თალაკვაძე - თუ უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ მასზე იყო ზეწოლა, ჩვენ გვაინტერესებს, ამ განცხადებების გამო რა არ გააკეთა ბატონმა ომბუდსმენმა და თუ დააკლო თავისი სამუშაო ადამიანის უფლებების დაცვას

თუ ის მიიჩნევს, რომ მასზე იყო ზეწოლა და ეს აღნიშვნის ღირსად ჩათვალა, აქვე ჩვენ გვაინტერესებს, ამ განცხადებების გამო რა არ გააკეთა ბატონმა ომბუდსმენმა და თუ დააკლო თავისი სამუშაო ადამიანის უფლებების დაცვას,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოფილი სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს მართლა აინტერესებს, რას ნიშნავს ომბუდსმენზე ზეწოლა, ამის მაგალითად გამოდგება ყოფილი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის შემთხვევა, როდესაც, თალაკვაძის განმარტებით, დევნიდნენ მისი ოჯახის წევრებს, პატიმრობით ემუქრებოდნენ მას, ფიზიკური შეურაცხყოფისა და თავდასხმის მცდელობები იყო, როდესაც ის აქციებზე მონიტორინგს ატარდებდა.

„მე მოვისმინე უჩა ნანუაშვილის განცხადება და მან თქვა, რომ ამ ადამიანებმა საჯარო განცხადებები რომ გააკეთესო, პოლიტიკური განცხადებები რომ გააკეთეს პარლამენტში, საჯაროდ, მედიაშიო, ეს იყო ზეწოლაო და ზოგიერთმა მედიამ ეს ისე გადათარგმნა და აჩვენა თავის სიუჟეტებში, რომ თითქოს დეპუტატები ურეკავდნენ უჩა ნანუაშვილს, ემუქრებოდნენ და რაღაცას სთხოვდნენ. მინდა კითხვით შევაფასო თქვენი შეკითხვა, მისი თქმით, რაც ამ საჯარო განცხადებებში მოისმინა, ამის გამო მან, როგორც მაშინდელმა სახალხო დამცველმა, რამე არ გააკეთა ? ან რამე ისე გააკეთა რომ ადამიანის უფლებების დაცვას დააკლო სამუშაო? თუ რაღაც რის გაკეთებასაც გეგმავდა, არ გააკეთა სათანადოდ ? ეს იქნებოდა საინტერესო, რომ მან განუმარტოს საზოგადოებას, თუ ის მიიჩნევს, რომ მასზე იყო ზეწოლა და ეს აღნიშვნის ღირსად ჩათვალა, აქვე ჩვენ გვაინტერესებს, ამ განცხადებების გამო, თუ ეს მართლა ზეწოლა იყო მასზე, რა არ გააკეთა ბატონმა ომბუდსმენმა და თუ დააკლო თავისი სამუშაო ადამიანის უფლებების დაცვას.

თუ თქვენ მართლა გაინტერესებთ ომბუდსმენზე ზეწოლა რას ნიშნავს და ზეწოლის კლასიკური მაგალითი როგორია, მოგიყვებით. დღეს სოზარ სუბარი პარლამენტის წევრია, როდესაც ის იყო ომბუდსმენი, რასაც მაშინ ომბუდსმენს უკეთებდა აღმასრულებელი ხელისუფლება, ზეწოლა მაგას ჰქვია და ეგ იყო ზეწოლა, როდესაც დევნიდნენ მისი ოჯახის წევრებს, პატიმრობით ემუქრებოდნენ მას, როდესაც ფიზიკური შეურაცხყოფის და თავდასხმის მცდელობები იყო, როდესაც ის აქციებზე მონიტორინგს აკეთებდა და როდესაც იყო მცდელობა მისი თანამშრომლების დაშინების თუ სხვადასხვა სამსახურებში გადაყვანის, აი ზეწოლა თუ გაინტერესებთ სახელმძღვანელოში შესატანად, ეს მაგალითი გამოგადგებათ,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან სახალხო დამცველზე ორკესტრირებული შეტევა ხორციელდებოდა. მისი თქმით, მმართველი პარტიის წევრები საჯარო განცხადებებით პირდაპირ მოუწოდებდნენ ომბუდსმენს, არ მიწოდებინა ვრცელი ინფორმაცია საზოგადობისთვის „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით.

„საუბარია სახალხო დამცველზე ორკესტრირებულ შეტევაზე. ფაქტობრივად, ეს იყო ზეწოლა, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების ყველა შტო, აგრეთვე, პირები საპატრიარქოდან. არ უნდოდათ, საზოგადოებას გაეგო სიმართლე საქმესთან დაკავშირებით. საუბარი პარლამენტის მაშინდელ სპიკერზე, ირაკლი კობახიძეზე, აგრეთვე ოხანაშვილზე, წულუკიანზე, სერგეენკოზე, ბესელიაზე",- განაცხადა ნანუაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა