სულხან სალაძე - ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ პროკურატურის მიმართვაზე თანხმობის მიცემა და ასევე უარის თქმა, ორივე დამაზიანებელია მმართველი პარტიისთვის

ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ პროკურატურის მიმართვაზე თანხმობის მიცემა და ასევე უარის თქმა, ორივე დამაზიანებელია მმართველი პარტიისთვის,- ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ყოფილმა თავმჯდომარემ სულხან სალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას საქმეს ორი მდგენელი აქვს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური.

ამასთანავე, სალაძემ ვარაუდი გამოთქვა, რომ პარლამენტი ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნას დასთანხმდება და ამისი წინაპირობა, მისი განმარტებით, უკვე გამოიკვეთა მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან დღეს გაკეთებულ განცხადებებში.

„აქ საყურადღებო ის არის, რომ ამ საქმეს აქვს ორი მდგენელი, ერთი ეს არის სამართლებრივი, მეორე არის პოლიტიკური. ჩვენ ხომ ამ ქვეყანაში ვერ ვთანხმდებით, რომ მაგალითად, პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო და პროკურატურაზე რაიმე ტიპის გავლენის მოხდენა არის შეუძლებელი, ისევე, როგორც სასამართლოს მიმართ არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, შესაბამისად, ლოგიკურად, საზოგადოებაში კითხვა, არის თუ არა ეს საქმე მოტივირებული პოლიტიკურად, ცხადია არსებობს.

მეორე მხრივ, როგორც ვიცი პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ მიმართავს პარლამენტს თანხმობის მისაღებად და, დიდი ალბათობით, პარლამენტი ამ თანხმობას გასცემს, იმიტომ, რომ წინასწარი განწყობები, რაც ჩვენ მოვისმინეთ პარლამენტში უმრავლესობის მხრიდან, ამაზე მიუთითებს და შემდეგ დაიწყება ეს პროცესი, ჩანაცვლდება გირაო უკვე პატიმრობით,“- განაცხადა სალაძემ.

მისივე თქმით, ნიკა მელიას მხრიდან იმის გაცხადება, რომ გირაოს არ გადაიხდის, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან მის დაპატიმრებას სერიოზული გამოხმაურება მოჰყვება. აქედან გამომდინარე, სალაძის თქმით, ეს შეიძლება ქართულ პოლიტიკაში ახალი ელემენტის შემოტანის მცდელობა იყოს იმ დიდი ცვლილებების ფონზე, რასაც უკანაკნელი დღეების განმავლობაში ოპოზიციაში ვაკვირდებით.

ნიკა მელია როდესაც ამბობს, რომ არ გადაიხდის თანხას, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ბუნებრივია. წარმოიდგინეთ ნიკა მელიას დაპატიმრება რამხელა პროცესი და მოვლენა იქნება. ეს იქნება არა მარტო იმ დღის, არამედ მომდევნო რამდენიმე დღის მთავარი თემა მედიაში და არა მარტო მედიაში. როდესაც ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ ფლანგზე ძალიან დიდ გადალაგებებს და ძალიან დიდ ცვლილებს, რაც დაიწყო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თუ ამის საპირწონედ, რაღაც ახლის შემოტანის მცდელობაა ოპოზიციის მხრიდან, კი ბატონო, მე მგონია, რომ ეს იქნება რაღაც სხვა და განსხვავებული ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტიკური გეგმის მიღმა, ამას რა გაგრძელება მოჰყვება, ეს არ ვიცით ჩვენ,“- განაცხადა სულხან სალაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა