საია - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასუსტებს პარლამენტის როლს გადაადგილების თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მთავრობის მიერ დაწესებული საკარანტინო შეზღუდვების თაობაზე, გადაადგილების თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით პარლამენტის როლს ასუსტებს.

საია-ს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ასუსტებს საქართველოს პარლამენტის როლსაც მთავრობის კონტროლის და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

„საკონსტიტუციო სასამართლო იმას, რომ ე.წ. „კომენდანტის საათი“ არ არის უფლების მძიმე ფორმით შეზღუდვა, ხსნის ამ ღონისძიების დროებითი ხასიათით. ეს მაშინ, როცა ხელისუფლების განცხადებით, ეს იქნება ის საკარანტინო ღონისძიება, რაც ბოლოს გაუქმდება. შესაბამისად, უცნობია რა დრომდე გაგრძელდება ეს ღონისძიება. ამასთან საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, პანდემიის ვითარება ცვალებადია და აღმასრულებელ ხელისუფლებას უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, მოერგოს ამ ცვალებად ვითარებას, ვიდრე საკანონმდებლო ხელისუფლებას. ამასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში საია-ს იურისტების პოზიცია იყო ის, რომ „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ (ეს არის კანონი, რომელიც დღეისათვის არ მოქმედებს) გარდა სხვა კანონშიც უნდა ყოფილიყო დეტალური მითითება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება, მოსთხოვოს მოქალაქეს სახლიდან გასვლისაგან თავის შეკავება, პანდემიური ვითარების გაუარესების შესაბამისად. ხოლო საკითხი იმასთან დაკავშირებით რამდენი ხანი უნდა გაგრძელებულიყო "კომენდანტის საათი", რა ტერიტორიულ ერთეულებში უნდა ყოფილიყო ეს ღონისძიება გამოყენებული, ეს საკითხი თავად მთავრობას გადაეწყვიტა, შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით. სამწუხაროდ, გადაწყვეტილებაში არ ვხვდებით პასუხს ამ არგუმენტებთან დაკავშირებით.

საია-ს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ასუსტებს საქართველოს პარლამენტის როლსაც მთავრობის კონტროლის და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ამ კუთხით საინტერესოა განსხვავებული აზრის ავტორის გიორგი კვერენჩხილაძის მოსაზრება: „სადავო ნორმებით გათვალისწინებული დელეგირების პირობებში, არცერთ პრინციპულ საკითხზე საქართველოს პარლამენტს გადაწყვეტილება თავად არ მიუღია. აღმასრულებელ ხელისუფლებას მიანდო არა თუ დეტალების, პროცედურის ან ტექნიკური ასპექტების განსაზღვრის უფლება, არამედ გადასცა პანდემიის/ეპიდემიის დროს საკუთარი შეხედულებისამებრ ძირითად უფლებათა არსისა და მათი შეზღუდვის პირობების განსაზღვრის სრული უფლებამოსილება. საია მიიჩნევს, რომ 11 თებერვლის გადაწყვეტილება საშიში პრეცედენტია გადაადგილების თავისუფლებისა და მთავრობაზე ეფექტური საკანონმდებლო კონტროლის თვალსაზრით“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 11 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლომ მთავრობის მიერ დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ამ საქმეში, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მოსარჩელის ინტერესებს საიაც იცავდა. საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა საია-ს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტიტუციის 26-ე მუხლს ეწინააღმდეგებოდა შრომით უფლებებზე შეზღუდვების არა ორგანული, არამედ ჩვეულებრივი კანონით დაწესება, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ე.წ. „კომენდანტის საათთან“ (გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა) დაკავშირებით საია-ს სასარჩელო მოთხოვნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა