„ლელოს" წევრი - მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მოვითხოვთ სრულად გასაჯაროვდეს ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის საგამოძიებო მასალები

პარტია „ლელოს" წევრი, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი, პაატა ცივაძე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მოითხოვს, სრულად გასაჯაროვდეს ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის საგამოძიებო მასალები.

მისი თქმით, პოლიცია სამართლიანი პროტესტის გამომხატველი ადამიანების დევნითაა დაკავებული, ხოლო უმძიმესი დანაშაულები სათანადო რეაგირების გარეშე რჩება.

„უაღრესად შეძრწუნებული ვარ იმით, რაც ქობულეთში მოხდა. მინდა ღრმა მწუხარება გამოვუცხადო ტრაგიკულად გარდაცვლილი გოგონას ოჯახს და მათი მწუხარება გავიზიარო. ეს არ არის ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს მთელი ქვეყნის უბედურებაა. დიდი დაფიქრება და ღრმა ანალიზი არ სჭირდება იმას, რომ დავინახოთ თუ რა სავალალო მდგომარეობაში ვართ. პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია- პოლიციის უმოქმედობა, სოციალური სამსახურების გულგრილობა. პასუხისმგებელი პირების მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ფიქრი და ზრუნვა არის რეალური სურათი.

მაშინ, როდესაც პოლიცია დაკავებულია სამართლიანი პროტესტის გამომხატველი ადამიანების დევნით, დაკავებით და უკანონო ჯარიმების გამოწერით, ამ დროს უმძიმესი დანაშაულებები რჩება სათანადო რეაგირების გარეშე, რასაც სავალალო შედეგებამდე მივყავართ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მოვითხოვთ სრულად გასაჯაროვდეს ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის საგამოძიებო მასალები”, - განაცხადა პაატა ცივაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ნ.ტ.-ს ბრალდება წარუდგინა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისში და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. ნ.ც.-მ, 2021 წლის 09 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო