ოპოზიციური პარტიები - ნიკა მელიას საქმე ნათელი დასტურია, თუ რა მეთოდებით იბრძვის „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ის საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილება წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დანაშაულებრივ ბრძოლას, რომელსაც კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასა და სამართლიანობასთან.

როგორც მათ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ოპონენტების სისხლის სამართლებრივი წესით დევნა, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება, გაათავისუფლოს გიორგი რურუა და ასევე მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას.

„ივანიშვილის პროკურატურამ პარლამენტს, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს, ნიკა მელიას დასაპატიმრებლად თანხმობისთვის მიმართა. ჩვენ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები მივიჩნევთ, რომ ეს და ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დანაშაულებრივ ბრძოლას, რომელსაც კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასა და სამართლიანობასთან.

ცინიკური და აბსურდულია გირაოს გადახდის მოთხოვნაც იმ პოლიტიკოსისთვის, რომელსაც ქვეყანა არ დაუტოვებია უშუალოდ დაკავების საფრთხის წინაც კი, და ისედაც ითხოვს მისი საპარლამენტო მანდატის გაუქმებას.

მელიას საქმე ნათელი დასტურია, თუ რა მეთოდებით იბრძვის „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ის საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.

ნიკა მელიას დაპატიმრება ან დაპატიმრების მომზადების მედია პროცესის შექმნა, ისედაც რადიკალიზებული პოლიტიკური გარემოს მეტად პოლარიზების შესაძლებლობას აჩენს, რაც მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს.

ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ოპონენტების სისხლის სამართლებრივი წესით დევნა, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, ამასთან მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას, სადაც შეთანხმება მიიღწევა ახალი არჩევნებისა და ახალი საარჩევნო წესების შესახებ“,-აღნიშნულია პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, „ლელო“, „ახალი საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპელი დემოკრატები“, „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“, „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, „გირჩი -მეტი თავისუფლებისთვის“, "სტრატეგია აღმაშენებელი", მოძრაობა „სამართლიანობისთვის“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“, „გამარჯვებული საქართველო“, "კანონი და სამართალი", "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის", "თავისუფალი საქართველო","ემსახურე საქართველოს", ელენე ხოშტარია, შალვა შავგულიძე, ირაკლი ღლონტი.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს