დავით ბაქრაძე - როდესაც ჩატარდება ყრილობა, ვიღებ პაუზას პარტიულ პოლიტიკაში, მაგრამ ვრჩები ოპოზიციურ პოლიტიკაში და ოპოზიციურ ფლანგზე

მაისიდან, როდესაც ჩატარდება ყრილობა, ვიღებ პაუზას პარტიულ პოლიტიკაში, მაგრამ ვრჩები ოპოზიციურ პოლიტიკაში და ოპოზიციურ ფლანგზე, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მისი მხრიდან პარლამენტში შესვლა ამ ვითარებაში არ განიხილება და საპარლამენტო ბოიკოტი ძალაშია.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ მივდივარ პოლიტიკური ოპოზიციური ფლანგიდან. მე არ ვცვლი ჩემს პოზიციებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია. ჩემი მხრიდან პარლამენტში შესვლა ამ ვითარებაში არ განიხილება, საპარლამენტო ბოიკოტი ძალაშია. ჩემი მხრიდან ისევ ძალაშია ყველა მოთხოვნა, რომელიც ეხება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გამოშვებას. ამიტომ, მაისიდან, როდესაც ჩატარდება ყრილობა, ვიღებ პაუზას პარტიულ პოლიტიკაში, მაგრამ ვრჩები ოპოზიციურ პოლიტიკაში და ოპოზიციურ ფლანგზე. მაისამდე იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რაც ამ პარტიის მხარდამჭერებისა და გუნდის წინაშე მაქვს, მაისის ყრილობამდე თავმჯდომარედ დავრჩები და პარტია მშვიდად და მშვიდობიანად მივა ამ ყრილობამდე.

ვიმეორებ, მე ვრჩები პოლიტიკაში, ოპოზიციურ ფლანგზე, მაგრამ პარტიული პოლიტიკიდან პაუზას ვიღებ. რას გავაკეთებ ამ პაუზის დროს? არ ვიცი, დიდი ხანია სახლში დისერტაცია მაქვს დაწყებული, შეიძლება დავასრულო, მაქვს მოწვევები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ლექციის წაკითხვაზე, ბევრი სხვადასხვა შესაძლებლობაა. ამაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, მაგრამ ვიმეორებ, ეს არ არის პოლიტიკიდან წასვლა, მე ოპოზიციურ ფლანგზე დავრჩები და მონაწილეობას მივიღებ ყველა იმ პროცესში, რაც აუცილებელია ამ ქვეყნის წინსვლისთვის“,-განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის თქმით, მისი და გიგი უგულავას პოზიციაა, რომ მთლიანად გუნდმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მოხდეს ახალი სახეებისთვის პოლიტიკური ასპარეზის დათმობა.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, როგორ ხედავს ის პარტიის მომავალს, დავით ბაქრაძემ უპასუხა, რომ ის მაისში პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს, დანარჩენი კი, პარტიის გადასაწყვეტია.

„ეს პარტიის გადასაწყვეტია. ჩემი გადაწყვეტილება მივიღე. მე ამ პარტიის თავმჯდომარეობას მაისში გვერდზე გადავწევ იმიტომ, რომ ამ პარტიისთვის ასე სჯობს. როგორც თავმჯდომარე, მე ამ პარტიას დავემშვიდობები, დანარჩენი პარტიის გადასაწყვეტია. ჩემი აზრით, როცა საუბარია განახლებაზე, ყოველთვის სასურველი და სწორია, როცა განახლება მთელი გუნდით ხდება. ეს არის ჩემი პოზიცია“,-განაცხადა ბაქრაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)