ნათია თურნავა ნიკა მელიაზე - ასეთი ცინიკური დამოკიდებულება მართლმსაჯულების ძირითადი ინსტრუმენტების მიმართ ემსახურება მხოლოდ სახელმწიფოს დისკრედიტაციას

კანონი ყველასთვის ერთიანი უნდა იყოს, პასუხისმგებლობა უნდა მოყვებოდეს ნებისმიერ დანაშაულს. მიუხედავად პოლიტიკური აქტივობისა“, - ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ჟურნალისტების კითხვას, გაართულებს თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავება.

ნათია თურნავას თქმით, პოლიტიკური აქტივობა არ არის ინდულგენცია.

„ვფიქრობ, უნდა ვისწავლოთ და არ უნდა ავრიოთ ერთმანეთში პოლიტიკური პროცესი და მართლმსაჯულება. მართლმსაჯულებას აქვს თავისი წესები, სასამართლო მიმდინარეობს და სასამართლო თავის გადაწყვეტილებას გამოიტანს. არანაირი პოლიტიკური აქტივობა არ არის ინდულგენცია, არცერთ ჩვენთაგანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ასეთი ცინიკური დამოკიდებულება მართლმსაჯულების ძირითადი ინსტრუმენტების მიმართ ემსახურება მხოლოდ სახელმწიფოს დისკრედიტაციას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. კანონი ყველასთვის ერთიანი უნდა იყოს, პასუხისმგებლობა უნდა მოყვებოდეს ნებისმიერ დანაშაულს. მიუხედავად პოლიტიკური აქტივობისა. ნუ ავრევთ ამ ორ პროცესს ერთმანეთში“, - აცხადებს თურნავა.

ცნობისთვის, პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს. შეგახსნებთ, 5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გააფრთხილა და განმარტა, რომ თუკი ის გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს 40 000 ლარის გადახდას, ან აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფას ითხოვს.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე მას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

იხილეთ ვიდეო: პოლიტიკური პროცესი და მართლმსაჯულება ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა