„ლელო“ - ალექსანდრ ბანდიუკოვის ექსტრადირება დაუშვებელია

„ალექსანდრ ბანდიუკოვის ექსტრადირება დაუშვებელია“, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის’’ წევრმა გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ალექსანდრე ბანდიუკოვის საქმეზე ისაუბრა.

ბრიფინგს, რომელიც "ლელოს" ოფისში გაიმართა, ესწრებოდა ალექსანდრე ​ბანდიუკოვის მეუღლეც. გეგელიას განცხადებით, ალექსანდრ ბანდიუკოვის რუსეთისთვის გადაცემა „სასიკვდილოდ გაწირვას ნიშნავს“, ვინაიდან რუსეთში იქნება არასათანადო მკურნალობის, კვების და ადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

„ლელო საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, ბანდიუკოვს არამარტო ჰუმანიტარული სტატუსი გაუხანგრძლივოს, არამედ საქართველოში მუდმივი თავშესაფარი. ასევე მოითხოვენ, საზოგადოებას დაუყონებლივ განემარტოს შსს-ს მიგრაციული სამსახურის მიერ, ბანდიუკოვისთვის სტატუსის შეჩერების დასაბუთება.

„მინდა გამოვეხმაუროთ ალექსანდრ ბანდიუკოვის შესაძლო ექსტრადირების პროცესს. გრძელდება საქართველოდან კრემლის მიერ დევნილი სინდისიერი ადამიანების ექსტრადირების მანკიერი პრაქტიკა, რაც რუსეთისადმი ამ ხელისუფლების მავნებლური და კაპიტულანტური საგარეო პოლიტიკის გამოხატულებაა. ამ პოლიტიკის შედეგად, ადამიანს, რომელიც 2008 წელს მოსკოვში აპროტესტებდა რუსულ-ქართულ ომს და ჩვენს მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობდა, დღეს ემუქრება რუსეთის ფედერაციის ექსტრადირება. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ბანდიუკოვის ექსტრადირება დაუშვებელია, როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური და ჯანდაცვის სამედიცინო არგუმენტების გამო“,- აცხადებს გეგელია.

როგორც „ლელოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი აცხადებს, პარტია ბანდიუკოვის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გონს მოეგონ. ჩვენი სახელმწიფოსთვის დამანგრეველი საქციელი სასწრაფოდ აღკვეთოს. „ლელოს“ სახელით მინდა ვთქვა, რომ ბანდიუკოვს და მის ოჯახს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ“,- აცხადებს თაზო დათუნაშვილი.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ალექსანდრ ბანდიუკოვის მიმართ 2018 წელს თაღლითობისა და ქრთამის ბრალდებით რუსეთის ფედერაციაში საქმე აღიძრა, მან ქვეყანა დატოვა, საქართველოში ჩამოვიდა და საერთაშორისო დაცვის სტატუსი ითხოვა. სააპელაციო სასამართლოს დავალებით მას 1 წლით ჰუმანიტარული სტატუსი მიანიჭეს, 2021 წლის 27 იანვარს კი შსს მიგრაციის დეპარტამენტმა მას სტატუსის გაგრძელებაზე უარი უთხრა.

ბანდიუკოვი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, არ დაუშვან რუსეთში მისი ექსტრადირება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა