სოსო გოგაშვილი - გახარიას ჩემგან დახმარების მეტი არაფერი მიუღია - შემდეგი კვირიდან  სიახლეები გელით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებით, მას დაკავების მოლოდინი არ აქვს. როგორც გოგაშვილმა Ambebi.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, მის შესაძლო დაკავებაზე ინფორმაცია არ აქვს და ეს უფრო პარტიული "მესიჯბოქსია".

„მე არ ვარ ბრალმდებელი ორგანო და თუ დევნის ობიექტი ვარ, მაშინ უნდა იკითხოთ მათთან, ვინც ამის განხორციელებას აპირებს. ამაზე არ მაქვს ინფორმაცია. ალბათ ეს უფრო პარტიული "მესიჯბოქსია". ყოველ შემთხვევაში, ბუნებაში არ არსებობს მუხლი და სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რომელიც ჩემს მიერ შეიძლება იყოს ჩადენილი, ამას გამოვრიცხავ. დანარჩენი, პროკურატურას უნდა ჰკითხოთ. რაც მთავარია, მუშაობენ, ესაა მთავარი და ეს კარგია“, - განაცხადა გოგაშვილმა.

კითხვაზე, სისხლის სამართლის საქმე რომ აღძრან, დარწმუნებული ხართ, რომ სუფთად გამოხვალთ? გოგაშვილი ასე პასუხობს: „საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში არ არსებობს არანაირი სისხლის სამართლებრივი გადაცდომა და დარღვევა, არც იქამდე და არც - მას მერე“. ასე რომ, ეს ყველაფერი არის სასაცილო. საქმის აღძვრას რაც შეეხება, ძალიან ბევრი საქმეა რეალურად აღსაძვრელი და ჩემს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ეს საქმეები აღიძრას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მართლა მიეცნენ კორუმპირებულები, მულტიმილიონერები, მილიონერები და ა.შ. ასე, რომ პრობლემა არ არის“, - განაცხადა გოგაშვილმა.

რაც შეეხება ზურაბ ალავიძესა და ოთარ ფარცხალაძეს, გოგაშვილის შეფასებით, მათზეც „ფეიკნიუსები“ ვრცელდება.

„არ ვიცი, ოთარის და ზურას მიმართ რა საქმეზე და რა მუხლებით უნდა აღიძრას საქმე. "ფეიკნიუსები" კი ვრცელდება მათ მიმართ, მაგრამ არ ვიცი, ვითომ 700 მილიონს ედავებიან? ვერ გეტყვით... მაშინაც ასე მოხდა, ესენი რომ წავიდნენ, ცდილობდნენ ნაგავი მიეყარათ. სიმართლე გითხრათ, მზად ვიყავი ამისთვის, ბავშვი არ ვარ და არც ხელწამოსაკრავ თანამდებობაზე მიმუშავია, რომ რაღაც ისეთი დავაბრახუნო, რომელიც ლოგიკასთან ახლოს არაა. არ მეგონა, იქამდე თუ დაეშვებოდნენ, რომ ჩემს მიმართ ასეთ "მესიჯბოქს" გამოუშვებდნენ იმ სისტემიდან, რომელიც ზეპირად ვიცი. სასაცილოა, უბრალოდ, ეს მოულოდნელი არაა ჩემთვის, ამისთვის მზად ვიყავი“, - განაცხადა ინტერვიუში გოგაშვილმა.

სოსო გოგაშვილი ინტერვიუში ასევე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან მას აბსოლუტურად არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია.

„მისი გაცნობის დღიდან, იქიდან მოყოლებული, რაც გახარია ბიზნესომბუდსმენად დაინიშნა, მას ჩემგან დახმარების მეტი არაფერი მიუღია. ასე რომ, მე მასთან დაპირისპირება არ მქონია. არც სხვებთან, ვისთანაც ვურთიერთობდი“, - ამბობს გოგაშვილი.

რაც შეეხება კომპრომატების გასაჯაროვებას, რამაც შესაძლოა პოლიტიკურ ამინდი და პროცესები შეცავლოს ქვეყანაში, გოგაშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადოებას „მომდევნო კვირიდან სიახლეები ელის“.

„ამას მალე, შემდეგი კვირიდან გაიგებთ, გელით სიახლეები. ჯერ ვერაფერზე მიგანიშნებთ. იმისთვის არ ვემზადები და იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ პროცესები შეიცვალოს. თუმცა უკეთესობისკენ თუ რამე შეიცვლება, ეს ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა. უბრალოდ, რასაც ვსაუბრობ, ეს კონკრეტულ ამბებს ეხება“, - აღნიშნა გოგაშვილმა ინტერვიუში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს