რომან გოცირიძე - ნიკა მელია გავრილოვის პატიმარია, ფაქტობრივად რუსეთის მძევალი, რუსეთის ტყვე

ნიკა მელია შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად რუსეთის ტყვეა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ პროცესები მის დაპატიმრებამდე მივა, ეს წერტილს დაუსვამს მოლაპარაკებებს.

გოცირიძე ამბობს, რომ როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ბიძინა ივანიშვილის სურვილზეა დამოკიდებული და მელიას დაპატიმრება-არდაპატიმრებაზე გადაწყვეტილებას სწორედ ის მიიღებს.

„ეს იქნება უგუნური გადაწყვეტილება, რადგან ის წერტილს დაუსვამს ყველა პროცესს, რაც კი შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგნად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საერთაშორისო ჩართულობით. სიტყვა პოლიტიკური დევნა იმდენად შეეჩვია ყურს, რომ თითქოს გაუბრალოვდა, სინამდვილეში ამ სიტყვის უკან დგას ის, რომ არ არსებობს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, დამოუკიდებელი პარლამენტი. რა თქმა უნდა ნიკა მელია შეგნებულად მიდის ამაზე და ის არ არის მხოლოდ ნიკა მელიას საქმე ასე ვთქვათ, ეს უკვე არის მთელი ოპოზიციის და ქვეყნის მოქალაქეების საქმე და ამ მოქალაქეებში არ იგულისხმება მხოლოდ ის ამომრჩეველი, რომელმაც ოპოზიციას დაუჭირა მხარი. თვით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი წინააღმდეგი იქნება მელიას დაპატიმრებისა გავრილოვის გამო, რადგან ის არის გავრილოვის პატიმარი , ფაქტობრივად , რუსეთის მძევალი, შეიძლება ითქვას, რუსეთის ტყვე, ამიტომ მორალური და ყველანაირი უპირატესობა მისი და ოპოზიციის მხარეს არის, რომელსაც ამ შემთხვევაში ნიკა მელია განასახიერებს. ერთი რამ არის სასაცილო - აღკვეთის ღონისძიება ვიცით რა არის, ეს არის დამზღვევი მექანიზმი „დამნაშავის“ შემდგომ ქმედებების, რომ მაგალითად არ მიიმალება. აღკვეთის ღონისძიების სახით მელიას მიერ 30 000 ლარი გადახდილია, ნიკა მელიას მოთვინიერება გამოიხატება იმაში 30 000 იქნება გირაო თუ 30 000 დამატებული 40000-ში? ამ თანხაშია კანონის აღსრულების სხვაობა თუ ძაღლის თავი სხვა რამეშია დამარხული - იმაში, რომ ხელისუფლება უკვე შეგნებულად მიდის პროვოკაციაზე?! სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც დაავალებენ და როცა ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ იღებს, ვინ ეკითხება „ქართულ ოცნებას“ და მის პოლიტსაბჭოს მსხვილკალიბრიანი საკითხების გადაწყვეტას, ამაზე პირადად ბიძინა ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, გულუბრყვილობაა იმის მტკიცება, რომ ივანიშვილი სადღაც წავიდა და განერიდა, შესაბამისად დააპატიმრებენ თუ არა ნიკა მელიას, ეს მხოლოდ ერთი ადამიანის გონებაში იქნება გადაწყვეტილი,“- განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, მელიას დაპატიმრებას უმწვავესი პროტესტი და სერიოზული საერთაშორისო რეაგირება მოჰყვება.

„თუ ამას მორალურ -ადამიანური კუთხით შევხედავთ, წინა პარლამენტი ხომ შეარცხვინა და სამუდამოდ ისტორიაში დარჩა იმ ადამიანების სახელები, ვინც მელიასთვის მანდატის შეწყვეტას და ფაქტობრივად დაპატიმრებას უყარეს კენჭი, დღეს იმ პარლამენტის ნარჩენები მეორეჯერ შეირცხვენენ თავს და ამას ახალი სახეები დაემატება, რომლებსაც ყოველთვის ექნებათ ასევე ეს მორალური დამღა, ზოგი ორდამღიანი გახდება პარლამენტში, ზოგი ერთდამღიანი. რაც შეეხება პოლიტიკურ შედეგებს, იქნება უმწვავესი პროტესტი და სერიოზული საერთაშორისო რეაგირება ამასთან დაკავშირებით. ცუდი ის არის, რომ ამ მნიშვნელოვან პერიოდში როცა საქართველო უფრო მეტად უნდა დაუახლოვდეს ნატოს და როცა პანდემიიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტად სჭირდება ქვეყანას ევროკავშირის მხარდაჭერა, ფაქტობრივად ქვეყანა დაზარალდება და მეტად გაიზრდება ქვეყანაში რუსეთის ინტერესები, ამიტომ საბოლოო ჯამში კრიზისიდან გამოსავალი არის ხელისუფლების შეცვლა,“- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს. ნიკა მელიას განცხადებით, ის გირაოს არ გადაიხდის, მისი თქმით, „ვერც მურუსიძის სასამართლოთი დაიჭერენ და ვერც პარლამენტით“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს