პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი ხვალ რიგით მეორე შეხვედრას გამართავს

პარლამენტში, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი ხვალ რიგით მეორე შეხვედრას გამართავს. სამუშაო შეხვედრაზე მიწვეულნი არიან ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პირველი შეხვედრა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა 8 თებერვალს გამართა, სადაც პარტიების წარმომადგენლებმა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებმა, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა სამუშაო ჯგუფის მუშაობის ფორმატზე, პრინციპებსა და სამომავლო კოორდინაციის საკითხებზე დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს.

შეგახსენებთ, სამუშაო ჯგუფი „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები უმრავლესობიდან შალვა პაპუაშვილი, ხოლო ოპოზიციიდან პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი არიან. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს იმ საკითხებზე, რომელიც "მოქალაქეებსა" და მმართველ გუნდს შორის გაფორმებულ მემორანდუმშია ასახული. შესაბამისი კანონპროექტი საარჩევნო ცვლილებებზე პარლამენტს 2021 წლის 1-ელ მარტამდე წარედგინება და მიღებული იქნება არაუგვიანეს 2021 წლის 1-ელი მაისისა.

მემორანდუმის თანახმად, შეიცვლება ცენტრალური საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობის, მათ შორის ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევის წესი. ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, გადაისინჯება ნორმები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, ასევე საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ნორმები. საქართველოს დიდ ქალაქებში, თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება 20/1-ზე თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის. სხვა მუნიციპალიტეტებში, თანაფარდობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, არანაკლებ 2/1-ზე თანაფარდობით პროპორციული სისტემის სასარგებლოდ, დაინერგება ელექტრონული ტექნოლოგიები. ასევე განიხილება, საარჩევნო ბარიერის დაწევა 0-დან 3%-მდე ფარგლებში, თუმცა, ამ უკანასკნელი ცვლილების განხორციელებას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ამ ეტაპზე პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობა წარმოდგენილი არ არის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა