მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა–ლოცვა შესრულდება.

როგორც საპატრიარქოს მიერ მირქმის დღესასწაულის აღნიშვნისთვის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასურველია, მირქმის დღეს თითოეულ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც - შვილები და ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები.

მათივე ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, ზოგიერთ რეგიონში და თბილისის რამდენიმე ტაძარში გასულ წელს პირველად აღინიშნა მირქმის დღესასწაული განსხვავებულად, კერძოდ, სვანეთის სოფლებში შემორჩენილი ძველი წესის, - „ლამპრობის,“ ანუ „სვიმნიშობის“ (წმინდა სვიმეონ მიმრქმელის დღის) და ძველ საღვთისმსახურო წიგნთა გათვალისწინებით. შედგა მსახურება, რომელიც სადღესასწაულო ლოცვის (ზოგან კი მეორე დღეს წირვის) დამთავრების შემდეგ სრულდება, ხდება სანთლების კურთხევა და ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემოვლა, ტარდება პანაშვიდიც.

„სვანეთში შემორჩენილი ტრადიციის ერთ-ერთი მთავარი მომენტი არის ის, რომ საეკლესიო მსახურების შემდეგ ბავშვების გუნდი ანთებული სანთლებით მაცხოვრის დიდებით და სვიმეონ მიმრქმელისადმი ლოცვით დადის მთელ სოფელში. თითოეული ოჯახიდან მათ შესახვედრად ანთებული სანთლით გამოდის ოჯახის უფროსი. ბავშვები, (რომლებიც სიმბოლურად განასახიერებენ მაცხოვარს) ლოცავენ მას და შემდეგ ოჯახის უფროსიც (რომელიც ასევე სიმბოლურად განასახიერებს სვიმეონ მიმრქმელს) ლოცავს მათ. ერთ-ერთი ბავშვი ანთებულ სანთელს აწვდის ოჯახის უფროსს და ისიც თავის სანთელს გადასცემს ბავშვს, რაც სიმბოლოა ძველი და ახალი აღთქმის შეხვედრისა და გაერთიანებისა. ბოლოს ყველანი მიდიან სასაფლაოზე, რათა მიცვალებულებს ახარონ უფლის განკაცება.

წმინდა სვიმეონის სახით ძველმა აღთქმამ განცხადებულ ღმერთს შეაგება ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე, რომელმაც დაასრულა მაცხოვრის მოვლინების მრავალათასწლიანი მოლოდინი, ანუ ძველი აღთქმის პერიოდი. შემდეგ სათავე დაედო ახალი აღთქმის ეპოქას.

მირქმის დღესასწაული თადაპირველად უფრო განსაკუთრებულად აღინიშნებოდა. მაგალითად, იერუსალიმის ეკლესიაში მას გამორჩეულად ზეიმობდნენ: სადღესასწაულო მსახურების ბოლოს სასულიერო პირები სანთლებს აკურთხებდნენ და ანთებული სანთლებით, ხატებითა და ბაირაღებით ხალხთან ერთად ლიტანიობას აწყობდნენ, ბოლოს კი პანაშვიდს იხდიდნენ, რათა მიცვალებულებისთვისაც ეხარებინათ მაცხოვრის ტაძრად მობრძანება.

პანდემიის პირობებში საქართველოში დღეს გარკვეული რეგულაციების დაცვა აუცილებელია, მაგრამ თავისი პატივი უნდა მიეგოს დღესასწაულს. კარგი იქნება, თუ მას, შესაძლებლობისამებრ, ძველი წესის მიხედვითაც გავამშვენებთ.

სასურველია, მირქმის დღეს თითოეულ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც,- შვილები და ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები, ახალშობილ იესოს და წმ. სვიმეონ მიმრქმელს შეავედრონ გარდაცვლილი წინაპრები, ახლობლები... და წყალობა სთხოვონ საკუთარი თავის, ოჯახისა და სამშობლოსათვის“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა