პოლიციამ ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილი ბარი დალუქა

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ბარის განმეორებით საქმიანობის გამო გამოძიება იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევის მუხლით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დადგინდა, რომ დაჯარიმების შემდეგ ბარმა კვლავ განაგრძო მუშაობა და აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, “კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბარი დალუქეს და საქმიანობა შეუჩერეს.

დადგინდა, რომ აღნიშნული დაწესებულების დროებითი მფლობელი - ზ.ჯ.

საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურმა 14 თებერვალს 2 000 ლარით დააჯარიმა. ასევე დადგინდა, რომ ბარმა კვლავ განაგრძო მუშაობა და აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა, კერძოდ, ფუნქციონირებდა როგორც ღამის კლუბი და ბარი, სადაც მოქალაქეები 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ.

განმეორებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით, რაც იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ზემოთ აღნიშნულ ბარში ჩხრეკა ჩაატარეს და ობიექტი დალუქეს. საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42-ე პრიმა-10 მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 10 000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის განმეორებითი გამოვლენა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარი "ჯაფარასთან" 13 თებერვალს, 19:00 საათზე გახსნა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს