ომბუდსმენი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის მართვის მხრივ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები არ აკმაყოფილებს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს

სახალხო დამცველის შეფასებით, ამ დრომდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის მართვის მხრივ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები არ არის საკმარისად თანმიმდევრული და არ აკმაყოფილებს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს. ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც პანდემიის პირობებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის მართვის საკითხებს ეხება.

„საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წლის 29 იანვარს, გაავრცელა განცხადება სწავლების პროცესთან დაკავშირებით, რითაც, ასევე, ეხმიანებოდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2021 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებას. აღნიშნულ განცხადებაში საუბარი იყო პანდემიის პირობებში სწავლების პროცესში გამოვლენილ ხარვეზებსა და გამოწვევებზე, ასევე განსახორციელებელ ღონისძიებებზე. სახალხო დამცველის შეფასებით, ამ დრომდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის მართვის მხრივ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები არ არის საკმარისად თანმიმდევრული და არ აკმაყოფილებს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს.

სამინისტროს არ წარმოუდგენია ერთიანი სამოქმედო გეგმა, რაც უზრუნველყოფს სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურ მართვას, გამოვლენილ ხარვეზებზე სწრაფ რეაგირებასა და საჭიროებების შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას. უწყების მიერ მიღებული ზოგადი რეკომენდაციების თანახმად, სკოლებმა თავად უნდა შეიმუშაონ პანდემიის პირობებში, საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ერთიანი ხედვის და მიდგომის არსებობისთვის არასაკმარისია.

არ არის წარმოდგენილი სრული ინფორმაცია საქართველოში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სანიტარულ-ჰიგიენური და ინფრასტრუქტურული პრობლემების თაობაზე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის 7 თებერვლის განცხადების თანახმად, 800-მდე სკოლაში სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები. ასევე, დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი. თუმცა აღნიშნული ვერ შეფასდება საკმარისად, რადგან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 313 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 227 კერძო.

დიდკონტიგენტიანი სკოლების შემთხვევაში დისტანციის დაცვის და ნაკადების მართვის მონიტორინგის საკითხი გამოწვევის წინაშე დგას, სკოლების შეზღუდული რესურსების პირობებში. შესაძლოა რისკებთან იყოს დაკავშირებული ისიც, რომ მოსწავლეებისთვის არ არის სავალდებულო პირბადის ტარება, რაც თავის მხრივ, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ ეფექტურ პრევენციულ ღონისძიებას წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს პოლიტიკის ერთიანი დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა, სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედ თითოეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ საჭიროებებზე და აღნიშნულის მიხედვით დაიგეგმოს სასწავლო პროცესი. ამასთან, მაქსიმალურად უნდა გამოიყოს როგორც ფინანსური, ასევე, ადამიანური რესურსი, რათა სკოლებმა შეძლონ პრევენციული ღონისძიებების ეფექტური განხორციელება პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გაძლიერებული მონიტორინგის პირობებში“,-აღნიშნულია განცხადებაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია