სულხან სალაძე - თუ ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის არგუმენტაცია სარწმუნო არ იქნება, სასამართლოს შეუძლია საერთოდ არ გამოიყენოს აღკვეთის ღონისძიების რომელიმე სახე ან გირაო შეცვალოს უფრო მსუბუქი ფორმით

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, თუ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე პროკურატურის არგუმენტაცია სარწმუნო არ იქნება, სასამართლოს შეუძლია საერთოდ არ გამოიყენოს აღკვეთის ღონისძიების რომელიმე სახე ან გირაო შეცვალოს უფრო მსუბუქი ფორმით.

როგორც სალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პროკურატურისთვის მთავარია დაასაბუთოს, რომ ნიკა მელიამ არ შეასრულა გირაოს შეფარდების დროს გათავალისწინებული ვალდებულება და ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფრო მსუბუქ ღონისძიებას ვერ გამოიყენებს.

„ცხადია, პროკურატურამ უნდა დაადასტუროს, რა დაარღვია და დაარღვია თუ არა ნიკანორ მელიამ მანამდე მიღებული გადაწყვეტილება. ეს უნდა დასაბუთდეს, თუმცა არის მეორე ნაწილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის მიხედვითაც გირაოს შეუსრულებლობის შემთხვევაში პროკურატურა მიმართავს შუამდგომლობით სასამართლოს და ითხოვს გირაოს უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიებით ჩანაცვლებას. თუ პროკურატურა დაასაბუთებს იმას, რომ ნიკანორ მელიას შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გირაოთი განსაზღვრული მოთხოვნის და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, ის სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით და ამ შუამდგომლობას დაადასტურებს მტკიცებულებებით, სასამართლოს მიერ მტკიცებულებების გაზიარების შემთხვევაში დასაბუთება ასევე უნდა იყოს ასახული განჩინებაში. ცხადია, ასეთ შემთხვევაში გირაო შეიცვლება პატიმრობით, რადგანაც გირაოს შეუსრულებლობის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების ჩანაცვლება ხდება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ეს პირდაპირ წერია საპროცესო კანონმდებლობაში. მაგალითად, თუ გირაოს შემთხვევაში უფრო მსუბუქი ღონისძიება შეიძლება იყოს თავდებობა, დიდი ალბათობით, ეს ამით არ ჩანაცვლდება. მთავარი არის პროკურატურა როგორ დაასაბუთებს შუამდგომლობაში, რომ გირაო შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ეს იქნება მნიშვნელოვანი. სასამართლო მიუხედავად იმისა, როგორი დასაბუთება ექნება პროკურატურას, უნდა ამოვიდეს ობიექტური წინაპირობებით, მან უნდა შეხედოს, რამდენად არგუმენტირებულია წარდგენილი შუამდგომლობა, გარდა ამისა, ფორმალური და ფაქტობრივი მხარე დაცულია თუ არა ამ შუამდგომლობის წარდგენის დროს. თუ პროკურატურა წარადგენს მტკიცებულებას, რომელიც იქნება დასაბუთებული და იქნება არგუმენტებით გამყარებული, ცხადია, ასეთ შემთხვევაში აპელირებას გააკეთებს იმაზე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ასეთ დროს გირაო უნდა შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, გირაოსთან მიმართებით კი ასეთი არის პატიმრობა“,- განაცხადა სალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო