სამინისტრო - თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის 369 საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა, სადაც მოსწავლეებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა უზრუნველყოფილი

დღეიდან, 15 თებერვლიდან, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის 369 საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა, სადაც მოსწავლეებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა უზრუნველყოფილი.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით, სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ - ჰიგიენური ნორმები და სამინისტროს რეკომენდაციები. ამ მიმართულებით საგანმანათლებლო რესურსცენტრები სკოლებში სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებენ და ადგილზე ეცნობიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას.

„სამინისტროს მიერ განახლებული რეკომენდაციებით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ, უზრუნველყოფილია ყველა სკოლა, რომელთაც, თავის მხრივ, მოსწავლეთა მშობლების ინფორმირება უზრუნველყვეს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ტერიტორიაზე აუცილებელია პირბადეების ტარება. პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაციაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. კერძოდ, სსსმ მოსწავლეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, ეძლევა შესაძლებლობა, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს.

რაც შეეხება, სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემურ ტესტირებას, ორი კვირის განმავლობაში საჯარო და კერძო სკოლებში ის 46 300 მასწავლებელსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს ჩაუტარდა. ქვეყნის მასშტაბით, 2 კვირის მონაცემებით, Covid-19 მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა 0,5%-ს დაუდასტურდა.

მშობლებისთვისა და მასწავლებლებისთვის შეთავაზებულია დამატებითი შესაძლებლობაც. კერძოდ, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ოთხშაბათს. ბოლო მონაცემებით, დისტანციური სწავლების სურვილი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეთა 12%-მა გამოხატა. მნიშვნელოვანია, რომ ამავე შესაძლებლობით სარგებლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ასეთ დროს სკოლა მიმართავს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ რეჟიმში თუ მთლიანად სკოლა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო