ირაკლი ქადაგიშვილი - ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას მივიღებთ, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა, კანონზე მაღლა დადგეს, შეგნებულად მოუწყოს პროვოკაცია სახელმწიფო ინსტიტუტებს

ჩვენი გუნდის პოზიცია მკაფიოა - კანონზე მაღლა არავინ დგას და სადეპუტატო იმუნიტეტი იმისთვის არ არსებობს, რომ მართლმსაჯულების აღსრულება შეაფერხოს და დეპუტატს, რომელიც სრულიად ღიად, ცალსახად და შეგნებულად გადის კანონის ჩარჩოებიდან, ხელი დააფაროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე როგორც საკომიტეტო დონეზე, ასევე პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა დადგეს კანონზე მაღლა, შეგნებულად და მიზანმიმართულად მოუწყოს პროვოკაცია სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობისა და თანასწორობის პრინციპებს.

„როგორც იცით, დღეს საქართველოს პარლამენტის ბიუროზე გადის გენერალური პროკურორის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

ხვალ დილიდან კი, აღნიშნულ საკითხს სავალდებულო წესით განიხილავენ საპროცედურო და იურიდიული საკითხთა კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც წარედგინება პარლამენტს, პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

საზოგადოებამ შაბათს უკვე მოისმინა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. იქვე ითქვა, რომ პროკურატურის შუამდგომლობის განხილვა უმრავლესობის ფორმატში აღარ გადავდეთ, რათა ნიკა მელიას ჰქონოდა დრო და შესაძლებლობა, კარგად გაეაზრებინა მისი უკანონო ქმედების მოსალოდნელი შედეგები, თუმცა ნაცვლად ამისა, მედიასივრცეში მისი და რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერების მხრიდან ფიზიკური დაპირისპირების მოწოდებებიც კი გამოჩნდა.

ამის შემდეგ, მხოლოდ მელიას გადასაწყვეტი იქნება დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს, გადაიხდის მისთვის დაწესებულ გირაოს, თუ საკუთარი პროვოკაციული გადაწყვეტილებით დაიმძიმებს აღკვეთის ღონისძიების პირობებს.

საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არავითარი სამართლებრივი, პოლიტიკური თუ მორალური არგუმენტი არ გააჩნია აშკარა პროვოკაციის გასამართლებლად და ერთადერთი სპეკულაციური არგუმენტი, რისი შეთხზვაც მოახერხეს, ნიკა მელიას გავრილოვის პატიმრად გასაღების მცდელობაა.

ჩვენ ვალდებულნი ვართ საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ 20 ივნისის მოვლენები, რომელიც ობიექტურად დაიწყო გავრილოვის მძიმე პროვოკაციით და გაგრძელდა ნიკანორ მელიას მცდელობით, საქართველოს პარლამენტი შტურმით აეღოთ, ვერ გამოდგება არგუმენტად, რადგან ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ბრალდებულების არა დამნაშავეობა თუ უდანაშაულობის საკითხის გადაწყვეტასთან, რომელიც სასამართლოს პრეროგატივაა, არამედ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევასთან.

რადგან თავადვე ახსენებენ ამ საქმეს და მაინც ცდილობენ აქცენტი პარლამენტზე მიტანილი შტურმის საქმეზე გადაიტანონ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს შევახსენებთ, რომ ისინი არც თავიანთი თანაგუნდელების მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაზე აღშფოთებულან, რომლითაც საქართველოს ბრალდებოდა აგვისტოს ომის დაწყება, არც მათი მმართველობის დროს სტრატეგიული ობიექტების რუსეთზე გადაცემაზე და არც მათ დაორგანიზებულ მიტინგზე, თავისუფლების მოედანზე, რუსულ ენაზე გაჟღერებულ სიმღერაზე გვახსოვს პროტესტის ნიშნად სცენაზე ავარდნილი მათი რომელიმე ლიდერი. ამით ჩანს რამდენად სპეკულაციური და ყალბია გავრილოვის არგუმენტად შემოტანა კანონის ჩარჩოებიდან გასვლის ერთადერთ მიზეზად.

და რაც ყველაზე მთავარია, ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის პირველი შემთხვევის გამო დღემდე შეფარდებული აქვს იგივე აღკვეთის ღონისძიება, გირაო და ამ დარღვევის მიუხედავად, ჯერჯერობით მხოლოდ თანხის ოდენობაა გაზრდილი, რომლის გადახდის შემთხვევაში მას აღკვეთის ღონისძიება ვერ დაუმძიმდება. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნიკანორ მელია თავად წყვეტს თავისივე აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების ბედს და თუ ის კანონს დაემორჩილება, მისი დაპატიმრება თეორიულადაც შეუძლებელია. ყველაფერი დანარჩენი მდარე სპეკულაცია და ქვეყანაში არეულობის მოწყობის თუ საპროტესტო მუხტის აწევის უსუსური მცდელობაა.

საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და მისი ზედმიწევნით შესრულება ყველასთვის. პოლიტიკაში ყოფნა ვერავისთვის იქნება ინდულგენცია, შესაბამისად საპარლამენტო კომიტეტები და საქართველოს პარლამენტი მიიღებენ სწორ სამართლებრივ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა