შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში  სამუშაო ჯგუფის შექმნა იგეგმება, რომელიც  განათლების სისტემის კონცეფციაზე იმუშავებს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კომიტეტში სამუშაო ჯგუფის შექმნა იგეგმება, რომელიც განათლების სისტემის კონცეფციაზე იმუშავებს.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ეს არის პოლიტიკის დოკუმენტი, თუ როგორი უნდა იყოს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკა. მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში იმუშავებს სამინისტრო სტრატეგიის შესამუშავებლად.

“აგვისტოს ბოლოსთვის გვექნება გრძელვადიანი, ერთი მხრივ, პარლამენტის დოკუმენტი განათლების, მეცნიერების მიმართულებით და, ასევე, განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგია 2022-30 წლების“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი განიხილა, რომლის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ სამთავრობო უწყებად - განათლებისა და მეცნიერების და კულტურის. საკანონმდებლო პაკეტი ცვლილებებს 57 კანონში ითვალისწინებს.

ცვლილებები დეპუტატებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა გააცნო.

მისი განმარტებით, კანონპროექტის მიღება განპირობებულია აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც, ასევე ასახულია სამთავრობო პროგრამაში 2021–2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

“გამოცდილებამ გვაჩვენა (მით უმეტეს, პანდემიის პირობებში), რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროს უკეთესი ადმინისტრირებისათვის საჭიროა ახალი სამინისტროს შექმნა, რომ სათანადო ყურადღება დაეთმოს ჩვენს ფასდაუდებელ კულტურულ მემკვიდრეობას და ასევე ხელი შეეწყოს თანამედროვე კულტურული ტენდენციების განვითარებას“, - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს