შალვა პაპუაშვილი - ოპონენტების მოქმედებები და რუსეთის დუმიდან განცხადებები საეჭვოდ ემთხვევა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ქმედებები რუსეთის დუმის წარმომადგენლების განცხადებებს საეჭვოდ ემთხვევა.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ოპონენტები ცდილობენ, მილიონი ამომრჩეველი გავრილოვთან გააიგივონ, ცდებიან.

რაც შეეხება ნიკა მელიას საქმეზე პარლამენტის გადაწყვეტილებას, პაპუაშვილი ამბობს, რომ არავინ კამათობს, რომ მელია კანონს არღვევს, რასაც შესაბამისი რეაგირება მიეცემა.

„ჩვენი ოპონენტების მოქმედებები და შემდეგ რუსეთის დუმიდან განცხადებები საეჭვოდ ემთხვევა. როცა ხდება რუსეთის დუმის წევრის კომენტარის გაიგივება საქართველოს პარლამენტის მოქმედებასთან, საუბარი გვაქვს ერთ რამეზე - საქართველოს პარლამენტი საქართველოს მოქალაქეების მიერაა არჩეული. „ქართულ ოცნებას“ ხმა მოგვცა მილიონმა ამომრჩეველმა. ჩვენ საქართველოს პარლამენტი ვასრულებთ ქართულ კანონმდებლობას. თუ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ საქართველოს მილიონი ამომრჩეველი გააიგივონ გავრილოვთან და გააიგივონ საქართველოს კანონმდებლობა რუსეთის დუმასთან, ძალიან ცდებიან და ამ შეცდომაში არიან დიდი ხანია.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, არავინ, არც ჩვენი ოპონენტები და არც თავად მელია, არ კამათობს იმაზე, რომ ნიკა მელია არღვევს კანონს. თუ ის არღვევს კანონს, მგონი არავისთვის საკამათო არ უნდა იყოს, რომ კანონის დარღვევას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაქცია და ამაზე გვაქვს საუბარი, რომ პარლამენტი ამას შესაბამის რეაქციას მისცემს. აქ პიროვნული არაფერია, ესაა სამართლებრივი პროცედურა, ფორმალურ დონეზე ამას პასუხს გავცემთ. არავის ბოდიში არაა საჭირო, ეს არაა პიროვნული საკითხი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, როგორც გავრილოვმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა, ის სიცრუე, რომელიც ნიკა მელიას მიერ 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში შელახონ.

ამასთან, გავრილოვის თქმით, საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს