კახა ოქრიაშვილი - დღეს სადეპუტატო იმუნიტეტს ნიკა მელიას კი არ უნდა ვუხსნიდეთ, არამედ პასუხისგებაში უნდა ვაძლევდეთ ამ მოვლენების ავტორებს

"ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" ბლოკის წევრი კახა ოქრიაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატებს მოუწოდებს მხარი არ დაუჭირონ ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის მოხსნას.

კახა ოქრიაშვილი აღნიშნავს, რომ 2 წლის წინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა, თავად, იმ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი იყო და აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა.

„მსურს, გამოვეხმაურო ე.წ. გავრილოვის დღეებთან დაკავშირებით როგორც ორი წლის წინ განვითარებულ, ისე დღეს მიმდინარე მოვლენებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართული ოცნების“ ლიდერებს და არა ნიკა მელიას. დღეს სადეპუტატო იმუნიტეტს ნიკა მელიას კი არ უნდა ვუხსნიდეთ, არამედ პასუხისგებაში უნდა ვაძლევდეთ ამ მოვლენების ავტორებს. დარწმუნებული ვარ, ე.წ. გავრილოვის დღეების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება უახლოეს მომავალში, ხელისუფლების ცვლილებისთანავე მოხდება. მათ შორის, შეიქმნება საპარლამენტო კომისია, რომელიც გამოიძიებს, ვინ მიიღო მართლმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის პარლამენტის შენობაში ამ ფორმით ჩატარებისა და ბატონი გავრილოვის საქართველოში მოწვევის გადაწყვეტილება და რაც მთავარია - რა მიზნით. პირადად მე არ მაქვს კითხვები ბატონ გავრილოვთან, მაგრამ მაქვს მისი მოწვევის ორგანიზატორებთან.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2 წლის წინ, „ქართულმა ოცნებამ“ ნიკა მელიას უკვე მოუხსნა იმუნიტეტი, რასაც მე, როგორც იმ მომენტისთვის საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფმა დეპუტატმა, მხარი არ დავუჭირე! მეტიც, 2019 წლის 20 ივნისის დილას გავავრცელე საგანგებო განცხადება, სადაც ვითხოვდი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომასა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ამ მოთხოვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ შევძლებდით თავიდან აგვერიდებინა 21 ივნისის ღამით და შემდგომ განვითარებული მოვლენები. მე მაშინაც მოვუწოდებდი და დღესაც მოვუწოდებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატებს, მხარი არ დაუჭირონ ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის ვითომდა კანონიერ მოხსნას! მინდა შევახსენო ყველას, პოლიტიკოსებსა და მოსახლეობას - დიახ, ფაშისტურ გერმანიაში, მაშინდელი გერმანული კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე მილიონი ებრაელი გაანადგურეს. უკანონო კანონებს ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ!“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო