ლადო კახაძე - პოლიტიკურ ველზე გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, მაქვს უფლება, პირბადე არ ვატაროო, ეს არ გამოვა

პოლიტიკურ ველზე გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, მაქვს უფლება, პირბადე არ ვატაროო, ეს არ გამოვა, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემ განაცხადა.

ლადო კახაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჯანდაცვის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე აღნიშნა, რომ ბოლო სამ თვეში ღია სივრცესა და ტრანსპორტში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაახლოებით 100 000-მდე ადამიანი დაჯარიმდა.

„დავინტერესდი, რა გავლენა მოახდინა ამან ადამიანების გონიერებაზე და აღმოვაჩინე, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში, 14 თებერვლის ჩათვლით ამ წესების შეუსრულებლობის გამო 87 780 ადამიანი დაჯარიმდა. ის ადამიანები, რომლებსაც ეხვეწები მუხლზე ჩოქვით, კანონს დაუწერ, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას განუსაზღვრავ, თან ეტყვი, რომ ეს ეკონომიკურად შენს ჯიბეს მოხვდება, შენ დაზარალდები, მაინც არ დაიჯერეს და ბევრია, რომელიც ამას დღესაც არ იჯერებს.

ჩემდა სამწუხაროდ, ესეც უნდა ვთქვა, პოლიტიკურ ველზე გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, სრულებით არ მაინტერესებს თქვენს მიერ შექმნილი საკანონმდებლო სივრცე და მე მაქვს უფლება, რომ პირბადე არ ვატარო, ამით კანონსაც დავარღვევ და ამ კანონის დარღვევა უნდა მეპატიოს, რაღაც ინდულგენციები შეიძლება მოიყვანონ, რომ ჩვენ ვერ ვიმოქმედოთ ამ ადამიანების არასწორი ქმედების აღსაკვეთად, ეს არ გამოვა. ამას აუცილებლად სჭირდება რაღაც დოზით გამკაცრება“, - აღნიშნა ლადო კახაძემ სხდომაზე, სადაც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ, რომელიც პანდემიის დროს პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ფინანსურ ჯარიმებს ადგენს.

კომიტეტებმა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, პანდემიის დროს როგორც დახურულ, ასევე ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა პირის 20 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს და ამასთან, განსაზღვრულია 50 ლარის ოდენობის ჯარიმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის, მხარი ერთხმად დაუჭირა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო