მომაკვდავი პარტიის ლიდერისთვის იმუნიტეტის მოხსნა და ამითი მისი პოლიტიკური გაცოცხლება და ოპოზიციისთვის რაღაც მოკლევადიანი საბაბის მიცემა, შეიძლება, მიზანშეწონილი არ იყოს, მაგრამ ჩვენ ამოვდივართ სახელმწიფო ინტერესებიდან,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, იმუნიტეტის შეჩერებაზე მხარდაჭერით პარლამენტი სასამართლოს მისცემს საშუალებას, წინასწარი აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით მიიღოს ის გადაწყვეტილება, რასაც მიიჩნევს მართებულად.
„ჩვენ ამას ხელს არ და ვერ შევუშლით. ამის პარალელურად, რადიკალური ოპოზიციის ამოცანაა, რომ პროცესების მეტი რადიკალიზაცია მოახდინოს, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საბოტაჟი გააღვივოს და ამით შეეცადოს სახელმწიფოს უმთავრესი პრინციპების ჩამოშლას. კანონზე მაღლა ამ ქვეყანაში არავინ არ დგას და ვერ იდგება და პოლიტიკოსობა არ ნიშნავს ინდულგენციას კანონზე მაღლა დგომისას და დანაშაულის ჩადენისას. ეს არის მმართველი გუნდის პოზიცია. თქვენ თუ შემეკითხებით პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ეს სწორია თუ არა, ეს არის სრულიად სხვა საკითხი. ვიწროპარტიული თვალსაზრისით, მომაკვდავი პარტიის ლიდერისთვის იმუნიტეტის მოხსნა და ამითი მისი პოლიტიკური გაცოცხლება და ოპოზიციისთვის რაღაც მოკლევადიანი საბაბის მიცემა, შეიძლება, მიზანშეწონილი არ იყოს, მაგრამ ჩვენ ამოვდივართ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და სახელმწიფოს ინტერესია, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს ნებისმიერ მოქალაქესთან მიმართებით,“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ის, ასევე, გამოეხმაურა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელია შეიძლება პარტიის ოფისში ჩაიკეტოს და ამგვარად მართლმსაჯულების აღსრულებას ხელი შეუშალოს და განაცხადა, რომ მართლმსაჯულება აღსრულდება ნებისმიერ შემთხვევაში, „ვინც სადაც არ უნდა ჩაიკეტოს“.
„თუ ვინმე დაარღვევს კანონს, მის მიმართ მართლმსაჯულება მაინც აღსრულდება. კანონდარღვევაა, როცა სასამართლოზე არ გამოცხადდები და დეკლარირებულად გვეუბნებიან, რომ სასამართლოზე ნიკა მელია არ გამოცხადდება, პროკურატურა არა თუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია მართლმსაჯულების წინაშე წარადგინოს სამართალდამრღვევი. თუ მიიღებს სასამართლო დაკავების გადაწყვეტილებას, უნდა დააკავონ, თუ არ მიიღებს, არ დააკავონ,“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.