ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე გადაწყდება, თუ რა სახის მტკიცებულებებს დაუშვებს სასამართლო. ასევე დღესვე გახდება ცნობილი, გადაეცემა თუ არა საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად.

როგორც საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, ბრალდების მხარე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი გარკვეული ექსპერტიზის დაუშვებლად ცნობას ითხოვს.

„აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება კანონის სრული დაცვით არის მოპოვებული ჩვენს მიერ და ეს მტკიცებულებები საკმაოდ მაღალი სტანდარტისაა. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება შესაბამისი, ყველა მტკიცებულება იქნება დაშვებული და ეს საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა სასამართლოს. ჩვენი მოთხოვნაა, დაცვის მხარის მტკიცებულების ნაწილი, კერძოდ, საზღვარგარეთ დანიშნული ექსპერტიზა დაუშვებლად იქნას ცნობილი, რადგან ეს ექსპერტიზა კანონმდებლობის არსებითი დარღვევით არის დანიშნული, დანიშვნისას გადაგზავნილი არ არის არც ერთი მასალა, თუ რა უნდა გამოიყენოს ექსპერტმა",- განაცხადა სადრაძემ.

ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, სასამართლომ დაუშვებლად უნდა ცნოს 200 000-იანი რუკები, რადგან კანონის უხეში დარღვევითაა ამოღებული.

"სასამართლოს პრეროგატივაა, დღესვე გადაწყვეტს თუ არა შუამდგომლობებზე პასუხს. ჩვენ ექსპერტიზების დაუშვებლობას ვითხოვთ, რადგან ეს ექსპერტიზები სუბიექტური ექსპერტების მიერ არის ჩატარებული, ისინი თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის თანამშრომლები არიან და პირდაპირ ემორჩილებიან, ექვემდებარებიან ხორბალაძეს, რომელიც ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ასევე დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი 200 000-იანი რუკები, რადგან კანონის უხეში დარღვევითაა ამოღებული",- აცხადებს მარიკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

იხილეთ ვიდეო:ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო