ბადრი ჯაფარიძე - ნიკა მელიას „ფიზიკურად დაცვის“ საკითხი „ლელოში“ არ განხილულა, თუმცა ჩვენი პარტია ყველა მშვიდობიან აქციაში მიიღებს მონაწილეობას

ვფიქრობ, რომ ეს, სამწუხაროდ, არის გაგრძელება „ქართული ოცნების“ შეცდომების, რომელსაც მივყავართ სიტუაციის ესკალაციისკენ, დაპირისპირების ზრდისკენ, ეს არის მათი მხრიდან ძალის მორიგი დემონსტრირება,- ასე შეაფასა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ დღეს პარლამენტის მიერ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებისთვის მხარდაჭერის ფაქტი.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განმარტა, ძალის დემონსტრირება ემსახურება საკუთარი ამომრჩევლის დარწმუნებას, რომ მათი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად, ისინი მაინც მყარად დგანან ფეხზე. სინამდვილეში, ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მათი სისუსტის გამოვლინება იყო.

„სინამდვილეში ეს არის სისუსტის გამოვლინება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ პროკურატურა დღეს არის პოლიტიკურად მართვადი, შესაბამისად მათ მიერ მიმართვა, ასევე მართვადი იყო. ხვალ, დიდი ალბათობით, სასამართლო ჩაინიშნება, რომელიც, ასევე, „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადია. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ყველაფერი ეს, სამწუხაროდ, მიგვაქანებს პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ, რაც ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება.

ჩვენი დღევანდელი პარლამენტისა და პროკურატურის საქმიანობა არის სრულ უნისონში. ეს ნიშნავს, რომ პროკურატურა იმართება პარლამენტისა და ზოგადად „ქართული ოცნების“ მხრიდან, სხვაგვარად ასეთი უნისონი წარმოუდგენელია.

საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა უნდა ცდილობდეს, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს და ჩვენ, სამწუხაროდ, პირიქით, გვაქვს ვითარება, როდესაც ძალა, რომელსაც შეუძლია განმუხტოს პოლიტიკური კრიზისი, პირიქით, ხელს უწყობს მის გაღრმავებას.

ეს არის მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, შესაბამისად, თავიდანვე ის აღძრული იყო პოლიტიკური ნიშნით. მთელი ეს ისტორია, სამწუხაროდ, არის იმაზე თუ როგორ შეიძლება პოლიტიკურად წარმოება სისხლის სამართლის საქმის“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება იმას, რას იზამს „ლელო“ მაშინ, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპული საქართველოს“ ცალკეულმა ლიდერმა განაცხადა, რომ ნიკა მელიას მათ შორის ფიზიკურად დაიცავს და სპეცრაზმსაც კი დაუპირისპირდება, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მელიას ამ ფორმით მხარდაჭერაზე ოპოზიციაში მსჯელობა არ ყოფილა. მისი თქმით, „ლელო“ მელიას მხარს უჭერს, თუმცა მშვიდობიანად, რაც პოლიტიკური მართლმსაჯულების წინააღმდეგ ნებისმიერ მშვიდობიან აქციაში მონაწილეობით გამოიხატება.

„ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც დღეს ვდგავართ, ჩვენ ვაპროტესტებთ და ვგმობთ პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლის საქმეების წარმოებას. მოვითხოვთ პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას ამ ქვეყანაში და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მოთხოვნას. რაც შეეხება კონკრეტულად იმ ადამიანების განცხადებას, რომ ფიზიკურად დაიცავენ, მათი პროტესტი გასაგებია ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ და ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, რომ საქართველოში დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები და ეს შეიძლება დაწყებული იქნეს სწორედ ნიკა მელიას საქმის დახურვით. ჩვენ ასეთი რაღაც არ განგვიხილავს პირდაპირ გეტყვით, იმიტომ, რომ იქ საკმარისი ადამიანები არიან, რომლებიც მელიას ფიზიკურად დაცვას აცხადებენ. „ლელოს“ მხარდაჭერა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ მივიღებთ ყველა მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობას, რომელიც ეძღვნება და მიეძღვნება პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა