ბადრი ჯაფარიძე - ასეთი ძლიერი ოპოზიციური ფლანგი საქართველოს არ ჰყოლია - „ქართული ოცნება“ ხან „ნაციონალების კლასტერს“ უწოდებს, თუმცა ეს სიცილის მეტს არაფერს იწვევს

ოპოზიციურ სპექტრში ახალი მიზიდულობის ცენტრის ჩამოყალიბებისკენ მიმართული ნაბიჯები წარმატებით ხორციელდება, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ევროპულ საქართველოსა" და ცალკეულ პოლიტიკოსს შორის კოალიციის შექმნის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც პოზიციებში თანხვედრა აქვთ, მუდმივ კონტაქტში არიან ერთმანეთთან, „ეს მოცემულობა კი „ქართულ ოცნებას“ აღარ მისცემს საშუალებას, არსებობდეს ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი“.

„ლელო საქართველოსთვის“ ყოველთვის იყო და წარმოადგენდა პლატფორმას იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი ქართულ პოლიტიკაში. ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი ძალიან კონტრპროდუქტიული და დამაზიანებელი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის და ის მოითხოვდა შეცვლას. ამიტომ შეიქმნა „ლელო საქართველოსთვის“, როგორც პლატფორმა, რომლის ირგვლივაც უნდა მოხდეს მიზიდულობის ცენტრის ჩამოყალიბება“, - განაცხადა ბადრი ჩაფარიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ აზრითაც, მესამე პოლიტიკური ცენტრი სწორედ მათ პლატფორმაზე უნდა ჩამოყალიბდეს, რისი იდეაც პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ არაერთხელ გააჟღერა, ჯაფარიძის თქმით, „იდეის ავტორობაზე შეთანხმება ძნელი იქნება“, თუმცა მიზიდულობის ახალი ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით მათი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა.

„მე პატივს ვცემ გიორგი ვაშაძის სურვილს, რომ მიზიდულობის ცენტრი შეიქმნას, ჩვენი შეხედულებები ემთხვევა ამასთან დაკავშირებით. იდეის ავტორობაზე ძნელი იქნება შევთანხმდეთ, ვინ რისი ავტორია.

„ქართული ოცნება“ ცდილობს პოლარიზაცია მოახდინოს და კვლავ ორ ძალას შორის დაპირისპირების ასპარეზად გადააქციოს პოლიტიკური ველი და ჩვენ ამას ყველანაირად ხელს ვუშლით, ვეწინააღმდეგებით და მე მგონი, ეს „ლელომ“ მოახერხა, რაც განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ გამოვლინდა. არჩევნებამდე ჩვენს წინააღმდეგ იმიტომ იყო განსაკუთრებული აგრესია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს ასეთი მრავალპოლუსიანი პოლიტიკური ველი. მისთვის უფრო ადვილია წარმოაჩინოს ერთი ძალა და თავის ამომრჩევლებს მოუწოდოს, რომ ხმა მისცენ მათ იმის გამო, რომ ის ძალა არ მოვიდეს ხელისუფლებაში. ორპოლუსიანობა პირდაპირ „ქართული ოცნების“ ინტერესშია და შესაბამისად, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არანაირად არ ჯდება „ქართული ოცნების“ ინტერესში, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში ჯდება ის, რომ არსებობდეს ახალი პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი. ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ და წარმატებით მივემართებით ამ მიზნის რეალიზაციისკენ“, - აღნიშნა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

გარდა ამისა, ბადრი ჯაფარიძემ გავრცელებულ ინფორმაციასაც უპასუხა იმის თაობაზე, რომ „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ევროპულ საქართველოსთან“ კოალიციის შექმნას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ პარტიულ საქმიანობას მისი მოქმედი ხელმძღვანელობა ჩამოშორდება. ჯაფარიძის თქმით, „ლელო“ საკითხს ასე არ აყენებს.

„ევროპულ საქართველოში“ მიმდინარეობს შიდა პარტიული პროცესები და ჩვენ ამ პროცესებში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს. არ მინდა რომელიმე გვართან დავაკავშირო ესა თუ ის კოოპერაციის შესაძლებლობა. ამ ადამიანებთან მაქვს აბსოლუტურად ნორმალური, მეგობრული ურთიერთობა და უნდა დაველოდოთ როგორი პროცესები განვითარდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ევროპული საქართველო“ , მაისში აქვთ ყრილობა. ჩვენ მუდმივი კონსულტაციები გვაქვს ცალკეულ პოლიტიკოსებთან, ძალიან დიდი სამუშაო სრულდება და მალე ნახავთ, რომ ეს სამუშაო გარკვეულ ნაბიჯებში იქნება ტრანსფორმირებული“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ცვლილებებს, ჯაფარიძე ამას განახლების პროცესად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ასეთი ძლიერი ოპოზიცია საქართველოს არ ჰყოლია.

„განახლების პროცესი - ეს სიტყვა სწორად ასახავს ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე მოვლენებს. ეს არანაირად არ არის ჩამოშლა. პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი სახეები მოდიან, მათ შორის „ლელო საქართველოსთვის“ მუდმივად ივსება ახალი წევრებით. არანაირ ჩამოშლასთან საქმე არ გვაქვს, ეს არის „ქართული ოცნების“ სურვილი, რომელიც ძალიან დაშორებულია სინამდვილესთან. ინტელექტუალურად და უნარებით ასეთი ძლიერი ოპოზიციური ფლანგი საქართველოს არ ჰყოლია და ეს არანაირად არ შედის „ქართული ოცნების“ ინტერესებში, ხან „ნაციონალების კლასტერს“ უწოდებენ, რაც მემგონი, სიცილის და ღიმილის მეტს არაფერს იწვევს, მაგრამ მათი სურვილის საწინააღმდეგოდ უნდა გითხრათ, რომ ოპოზიციური სპექტრი ძალიან მრავალფეროვანია“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს