ლევან იოსელიანი - რასაც ნიკა მელია აკეთებს, აბსოლუტურად გაუგებარია

ჩემთვის ის, რასაც აკეთებს ნიკა მელია, აბსოლუტურად გაუგებარია. მისი არჩევანია, მაგრამ მე ამაში არ ვეთანხმები და გაუგებარია, რატომ აკეთებს ამას, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, დღეს პარლამენტს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი არ უნდა მოეხსნა.

„უნდა ჰქონოდათ გამბედაობა, პროკურატურისთვის ეთქვათ უარი. დღეს პოლიტიკური კონტექსტი არის ისეთი, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. გარდა ამისა, არ არსებობს საფუძველი, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ. ამისთვის არის პარლამენტი, რომ რაღაცებზე თქვას უარი და არ იყოს პროკურატურის ნების გამგრძელებელი. ხვალ რომ იქ „ნაციონალური მოძრაობა“ ბარიკადებს აღმართავს და არ მივცემთ ნიკა მელიასო და ესენი რომ რაღაც შტურმისთვის მოემზადებიან და ეს ყველაფერი რომ გადაინაცვლებს იმ ფაზაში, რომ ქვეყანაში აღარ დარჩება რესურსი სიტუაციის განმუხტვის, მერე პასუხისმგებლობის აღება ძალიან გვიანი იქნება. ეს ყველაფერი ხო გამოვლილი გვაქვს? უნდათ ჩვენს მოქალაქეებს ამ ყველაფრის ყურება? ორი კვირის წინ არ იყო კვლევა და არ თქვა 80%-მა, რომ ჩვენ გვინდა პოლიტიკური პროცესი იყოს პარლამენტში და ამ ხალხმა ჩვენზე იზრუნოსო?- განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, სიტუაციის განმუხტვის ბერკეტი ახლა სასამართლოს ხელშია.

„როცა ამბობენ, ფიზიკურად დავუპირისპირდებით, არ გავატანთო, სადამდე მიდის ეს ყველაფერი? მიდის ფიზიკურ დაპირისპირებამდე. შანსი დღესაც არსებობს, რომ სიტუაცია განიმუხტოს და ეს ახლა არის სასამართლოს ხელში. ახლა უნდა გამოჩნდეს, მართლა შეუძლია თუ არა სასამართლოს, რეალურად აიღოს სამართლიანი სასამართლოს ფუნქცია. სასამართლოს შეუძლია არ გამოიტანოს ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გადაწყვეტილება“, - განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, იოსელიანის თქმით, ოპოზიციური პარტიების უმეტესობა არ ცდილობს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის სივრცე გამონახოს.

„ეს ამბავი სადღაც უნდა დასრულდეს. ეს პარტიები, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ გვინდა მოლაპარაკება და ვხედავთ რესურსს ამისთვისო, მაინტერესებს, ამ განცხადების იქით მათ ქმედებაში რაში გამოიხატება ის, რომ ვინმეს უნდა მოლაპარაკება? არ ვგულისხმობ „გირჩს“, რომელიც რაღაც ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ იპოვოს სივრცე მოლაპარაკებისთვის. სხვა პოლიტიკური პარტიები რას აკეთებენ იმისთვის, რომ ასეთი სივრცე ნახონ?, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით უკვე მიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო