თბილისში, ვარკეთილის მესამე მასივში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი კორპუსის მეექვსე სართულზე გაჩნდა და ის ორი სართულის აივნებზე გავრცელდა.
„ცეცხლი ეკიდა მეექვსე სართულზე საცხოვრებელ ბინას, მეხუთე და მეშვიდე სართულების აივნებს. მოხდა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია, მეშვიდე სართულზე ბინაში ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი. ადგილზე მობილიზებულია 9 ეკიპაჟი, ხანძარი ლოკალიზებულია“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.