ვასილ ჩიგოგიძე - მე თავი არსად "მიდრუზია", სადაც გადავწყვიტე შესვლა, იქ შევედი - აბსურდია, თითქოს ნიკა მელიას დავურეკე იმისთვის, რომ მეთქვა, მხარს გიჭერ და ჩემი იმედი გქონდესთქო

მე თავი არსად "მიდრუზია", სადაც გადავწყვიტე შესვლა, იქ შევედი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვასილ ჩიგოგიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას უპასუხა.

ამასთან, ჩიგოგიძე ასევე აბსურდს უწოდებს მელიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ ჩიგოგიძე მას დაპირდა, მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას ხმას არ მისცემდა.

„მე თავი არსად მიდრუზია, სადაც გადავწყვიტე შესვლა იქ შევედი, „ნაციონალებიდან“ იყო შემოთავაზება, რომ გამსვლელ სიაში ჩავეწერე და მეყარა კენჭი, მაგრამ უარი ვუთხარი ნიკას. ვუთხარი, ნიკა, ჩემო კარგო, მე „ნაციონალებთან“ ვერ შემოვალ და კარგად ბრძანდებოდეთ, დავემშვიდობე. ორჯერ დამიჭირეს „ნაციონალებმა“. დიდი განსხვავებაა მე სადაც ვარ იმ პარტიას და ნიკა სადაც იმყოფება, იმ პარტიას შორის,"- განაცხადა ჩიგოგიძემ.

მისივე თქმით, ნიკა მელიას განცხადება, რომ მხარდაჭერის გამოსახატად ურეკავდა, გაუკვირდა და სწორედ ამის გამო ურეკავდა.

ნიკა მელიას ექვსჯერ დავურეკე იმისთვის, რომ მეთქვა, მხარს გიჭერ და ჩემი იმედი გქონდესთქო - ეს არის აბსურდი. მას მხოლოდ იმის გამო ვურეკავდი, რომ კვირას, გვარამიას გადაცემაში იყო, სადაც მახსენა და მომმართა, რომ ვასიკო ჩიგოგიძე გურიაში იმიტომ არის და სპეციალურად არ ჩამოდის, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოსო. ეს მისგან გამიკვირდა. ჩემთვის ეს განცხადება მიუღებელი იყო და მისი მოძებნა დავიწყე. მისი ტელეფონი არ ვიცოდი, მოვიძიე. ჩემს ტელეფონს არ იღებდა, მივწერე, ვასიკო ვარ ჩიგოგიძე და პასუხი გამეცი-თქო. პასუხი მაინც არ გამცა. მის ადვოკატს, კონდახაშვილს მივმართე, რომელიც ჩემი მეგობარია და ვუთხარი, გამაგებინე, რა საქციელია, რა უნდა-თქო. მისმა ადვოკატმა მითხრა, რომ არ სურს, საუბარი და მერე შეგხვდებაო. კიდევ მივწერე, დამელაპარაკეთქო. დამირეკა და ატეხა პანიკა, როგორც სჩვევია გამოსვლები, რატომ მაწუხებო. ტელეფონი გამითიშა, მასთან მეტი საუბარი არ მქონია. ვუთხარი, შეხვედრა მინდათქო, რაზეო და რა ვალდებულება მაქვს შენი მხარდაჭერისთქო. მასთან პირადი ნაცნობობა მაკავშირებს, ბავშვობის ძმაკაცები არ ვართ, მაგრამ ჩემთანაც ნამყოფია და მასთანაც ნამყოფი ვარ. მასთან შეხვედრა იმის გამო მინდოდა, რომ მისი პოზიცია არასწორად ჩავთვალე, გვარამია იჯდა და ხმას მისცემსო, ეს პასუხობდა, არ მისცემსო,"- განაცხადა ჩიგოგიძემ.

მისივე თქმით, მას რაიმე დისკომფორტი არ აქვს, რომ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

„არაფერი დისკომფორტი არ არის, ორჯერ მაქვს საპროცესო „ნაციონალების“ დროს, თან არავითარი დანაშაული არ მქონდა, როცა გეუბნება ხელისუფლება, რომ გეკუთვნის გადახდა, უნდა გადაიხადო, თუ აქამდე გადაიხადა, ახლაც გადაიხადოს და არ იქნებოდა ამხელა შანტაჟი და არეულობა,"- განაცხადა ჩიგოგიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მას „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა.

როგორც მელიამ განაცხადა, ვასილ ჩიგოგიძე მას პირდებოდა, რომ კენჭისყრაზე მისი იმუნიტეტის შეჩერებას ხმას არ მისცემდა.

ამასთან, როგორც მელია აცხდებს, ვასილ ჩიგოგიძეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან უნდა ეყარა კენჭი, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა.

„ეს ადამიანი გურიაში კენჭს იყრიდა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან, შემდეგ სამი დღე ტელეფონს არ პასუხობდა, გავიხედე და წარადგინეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად. ამ არჩევნებზე შეთანხმებული იყო ყველაფერი. მე ვიყავი მოლაპარაკებაზე მასთან, მე გავუწიე პარტიაში რეკომენდაცია, დაიწყო საარჩევნო კამპანია, დრუზა თავი და წავიდა „ქართულ ოცნებაში“, - განაცხადა მელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს