დიმიტრი ხუნდაძე ჩეხეთის ელჩს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პეტრ მიკისკას შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ცალკეულ ასპექტებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივას. დიმიტრი ხუნდაძემ ელჩს კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.

საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს გლობალურ გამოწვევაზე - კოვიდ-19-ზე, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და, ბუნებრივია, საქართველოს და ჩეხეთსაც შეეხო, გაცვალეს ინფორმაცია და გამოცდილება კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

„გლობალური გამოწვევიდან - კოვიდინფექციიდან გამომდინარე, პრობლემები ჩვენს ქვეყნებში არის მსგავსი როგორც ჯანდაცვის კუთხით, ასევე ეკონომიკური პრობლემების მხრივ. საერთო შეფასება კი ასეთია, რომ ვერც ერთი ქვეყანა, მიუხედავად შესაძლებლობისა, ვერ დაძლევს ამ გამოწვევას ერთობის გარეშე - ერთობლივი მოქმედება ეს არის ერთ-ერთი უალტერნატივო პრაქტიკა კოვიდინფექციასთან ბრძოლის. ვისაუბრეთ ჯანდაცვის სექტორის სხვადასხვა აქტუალურ მიმართულებაზე, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის რგოლზე, ადრეულ დიაგნოსტიკაზე, პრევენციაზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩეხეთის მხარე აქტიურად არის ჩართული ჩვენს ქვეყანაში ამ პრობლემების გადაჭრის და სფეროს პერსპექტიულად განვითარების კუთხით. საუბარი ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებსაც შეეხო, მათ შორის, ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილებას და ელჩი გაგებით ეკიდება ამ ვითარებას და აფასებს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ხდება ზიანი სამართლებრივი სახელმწიფოსთვის და ის ვერ გადაწონის სამართლის უზენაესობას. მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია დაბრუნდება პარლამენტში და ჩვენ, ყველა ერთად, გავაგრძელებთ ქვეყნის მშენებლობას, მის განვითარებას, რაზეც საკმაოდ დაინტერესებული არიან ჩეხეთში, ევროკავშირში და, ზოგადად, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის შემდეგ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა