დავით ზალკალიანი - ვცდილობთ, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი სტუდენტების შესაძლებლობები ევროკავშირის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის და გამოცდილების შეძენის კუთხით

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო უწყებები მზადაა ევროკავშირის უმაღლეს სასწავლებლებში ქართველი სტუდენტების შესაძლებლობები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადოს.

როგორც ზალკალიანმა ევროპის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ერაზმუს პლიუსისა და ჟან მონეს ონლაინ ზამთრის სკოლის „ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია - ევროკავშირი და საქართველო“ კურსის გახსნისას აღნიშნა, მოცემული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, ამ კურსის ერთ-ერთი შედეგი ისიც იქნება, რომ თქვენთვის უფრო ნათელი გახდება, რა მოუტანა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზამ, რომელსაც ქვეყანა დაადგა, ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მუდმივი მხარდაჭერით,“ - აღნიშნა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საქართველოში ერაზმუს პლიუსის პროგრამის წარმატებაზეც და აღნიშნა, რომ პროგრამაში, რომელიც წარმატებულ სტუდენტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს, ბოლო ხუთ წელიწადში, 6500-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

„ჩვენ ვცდილობთ, კიდევ უფრო პრაქტიკული და მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი სტუდენტებისა და მკვლევარების შესაძლებლობები ევროკავშირის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის, კვლევის და გამოცდილების შეძენის კუთხით,“ - განაცხადა მინისტრმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამისთვის საქართველოს სახელმწიფო უწყებები აქტიურად თანამშრომლობენ ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ევროკავშირში საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან.

თავის მიმართვაში დავით ზალკალიანმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზეც.

„საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა კი შეუქცევად სახეს იღებს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ გამოაცხადა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ 2024 წელს ქვეყანა მზად იყოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად. ჩვენი მზადყოფნა კი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების მიხედვით შეფასდება - სწორედ ასოცირების შეთანხმებაა საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი.

წევრობის განაცხადის გაკეთება ამბიციური მიზანია, მაგრამ საქართველოს შეუძლია ამ მიზანსაც დროულად მიაღწიოს, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ, უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ არჩეული გზის ერთგულია და აქვს ცოდნა და უნარი, რომ მთელს რეგიონს ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის წარმატებული მაგალითი მისცეს,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა